დავით ონიაშვილის ბანერის ,,პროჟექტორით” განათებისთვის გამგეობის თანამშრომელი 2 000 ლარით დააჯარიმეს

1204

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ზაზა მუზაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო.

ზაზა მუზაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღევათა ოქმი გამოუწერეს იმის გამო, რომ მან მოქმედი გამგებლისა და ამავე დროს გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის საარჩევნო ბანერის გასანათებლად პროჟექტორი გამგეობის ტექნიკით დაამონტაჟა..

მოკვლევით გაირკვა, რომ ზაზა მუზაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელის დავალებით მოქმედებდა. გიორგი ხიდაშელმა წერილობით აღიარა, რომ ,,შენების მოძრაობის” წევრის, გორის მერის კანდიდატისა და მოქმედი გამგებლის, დავით ონიაშვილის ბანერის სიახლოვეს ,,პროჟექტორი” მისი დავალებით გაასწორეს და არა დააყენეს.

საქმე ისაა, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს ,,შენების მოძრაობის” ლიდერებმა გორის მერის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი (ტ/კ ,,თრიალეთის” მფლობელი) ბადრი ნანეტაშვილი და პარტიული/მაჟორიტარული სიის წევრები წარადგინეს. იმავე დღეს, ბადრი ნანეტაშვილის კუთვნილ ტელევიზიასთან დავით ონიაშვილის ბანერი გააკრეს, რომლისთვისაც განათებაც გაითვალისწინეს.

ამ ფაქტის შესახებ, საჩივარი გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Analitical center for interethnic cooperation and consultations”-ის ( “ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის”) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა 28 სექტემბერს შეიტანა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მოკვლევა დაიწყო და გამოიკვეთა შემდეგი:

ამწე ეკუთვნის გორის გამგეობის ააიპ ,,სასმელი წყლების რეგულირებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურს”, რომლის ხელმძღვანელია ბონდო მარუაშვილი.

ბონდო მარუაშვილმა საოლქო კომისიას წერილობით აცნობა, რომ ამწე მისი ნებართვის გარეშე ოფისიდან ზაზა მუზაშვილმა გაიყვანა, ამის გამო, მუზაშვილს საყვედური გამოუცხადა.

ამის შემდეგ, საოლქო კომისიამ ზაზა მუზაშვილის ახსნა-განმარტება მიიღო. ზაზა მუზაშვილს წერს, რომ დავალება არა უშუალოდ მისი ხელმძღვანელისგან, არამედ სხვა აიპის, კერძოდ ,,კეთილმოწყობის” სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელისგან მიიღო.

გიორგი ხიდაშელმა ფაქტი დაადასტურა და აღიარა, რომ ამწე ზაზა მუზაშვილმა მისი დავალებით მიიყვანა ბადრი ნანეტაშვილის ტელევიზიასთან.

ამ პროჟექტორით გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის ბანერი განათდა. გიორგი ხიდაშელი აცხადებს, რომ ,,პროჟექტორი” ჩამოვარდნილი იყო და მისი თხოვნით გასწორდა. ქალაქში კი, კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახური და არა გამგეობის აიპი ასრულებს. ხოლო გიორგი ხიდაშელი ,,შენების მოძრაობის” პროპორციული სიის ნომერია.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი