როგორია გორში წარდგენილი კანდიდატების გენდერული სტატისტიკა

1488

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გორის მერობის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული, აქედან 3 ქალია. ქალები შემდეგმა საარჩევნო ბლოკებმა წარადგინეს: „შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ და „სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე N32-ე გორის საარჩევნო ოლქში 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა წარადგინა სიები. პროპორციული სიებით წარდგენილთა საერთო რაოდენობა 290-ია და აქედან მხოლოდ 32.1%, ანუ 93 ქალია. ამ 93-იდანაც მხოლოდ ნახევარი – 47 ქალი მოხვდა პატრიული სიის პირველ ათეულში.

პირველ ათეულში ქალების რაოდენობით (ხუთი ქალი საარჩევნო სიის პირველ ათეულში) სამი საარჩევნო სუბიექტი ლიდერობს: „ლეიბორისტული პარტია“,  „სოციალისტური საქართველო -კომუნისტები“ და საარჩევნო ბლოკი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ენმ-ს სიის პირველი ნომერი ქალია და სიის ყოველი მომდევნო კანდიდატი განსხვავებული სქესისაა;

პარტიული სიის პირველ ათეულში 4 ქალი ჰყავს 4 საარჩევნო სუბიექტს: „ლორთქიფანიძე- კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“,
„რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“ და „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, მას 41 კაციან საარჩევნო სიაში მხოლოდ 6 ქალი ჰყავს.

ქალთა რაოდენობით ბოლო ადგილებს იყოფენ „შენების მოძრაობა“ (1 ქალი) და „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება“ (3 ქალი).

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 9 პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა ჯამში 124 მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა. მათგან კი მხოლოდ 21%, ანუ 26 ქალია.

25 მაჟორიტარი კანდიდატიდან ყველაზე მეტი (9 ქალი) ჰყავს წარდგენილი საარჩევნო ბლოკს „ბაქრაძე-უგულავა-ევროპული საქართველო“;

5 ქალი წარადგინეს  საარჩევნო ბლოკებმა – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.

3 ქალი წარადგინა „შენების მოძრაობამ“.

ბოლო ადგილზეა „სახალხო- ხალხის ერთსულოვნება“ და „ქართული ოცნება“. მათ 2-2 ქალი ჰყავთ წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად.

მაჟორიტარ კანდიდატად არც ერთი ქალი არ წარუდგენიათ „ლეიბორისტულ პარტიას“, „სოციალისტური საქართველო -კომუნისტებს“ და „ლორთქიფანიძე- კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს“.

ასევე, ქალები არ არიან საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორისაც.