„ევროპული საქართველო“ სოფელ ერგეტში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს

610

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია სოფელ ერგეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას და მასში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს სამართალდამცავები გაგებით ეკიდებიან და უნდათ ობიექტური გამოძიება ჩაატარონ, თუმცა მათ ამის საშუალებას ზემდგომი პირები არ აძლევენ. ქებურიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, ლაშა გოგიას და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, დავით კოდუას დააკისრა.

„კოდუა ზონდერს უწოდებს ჩვენს მხარდამჭერ ალექსანდრე ღვინჯილიას მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიციელი იყო. ზონდერს გვიწოდებს სამ ქალს, ვინც ერგეტის შტაბში მომხდარის გასარკვევად მივედით, მაშინ, როდესაც მთავარი ზონდერი გოგია და კოდუას, მამა ოთარ კოდუა არიან, რომელმაც ხელი დაარტყა ალექსანდრე ღვინჯილიას. გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ: „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია, ასევე, მმართველი პარტიის შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, ასევე, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა“, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

ლელა ქებურიას მეუღლის, გია ჯიქიას თქმით, მას და პარტიის აქტივისტ ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ.

თავის მხრივ, ”ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კოდუა აღნიშნულ ფაქტს „ევროპული საქართველოს“ მიერ პროვოცირებულს უწოდებს.

„მამაჩემს პროვოკაცია მოუწყეს, აგინეს და მიაყენეს შეურაცხყოფა ქებურიას მეუღლემ და ალიკა ღვინჯილიამ. მამაჩემმა მაქსიმალურად შეიკავა თავი და გამოიჩინა მოთმინება. მას შეაგინეს, მიაყენეს შეურაცხყოფა, რომელი ადამიანი მოითმენს ამას? მამაჩემს ზონდერს ეძახის გია ჯიქია და ალიკა ღვინჯილია, რომლებიც თავის დროზე მეგის ქარდავასთან მუშაობდნენ და ზონდერები იყვნენ“, – განაცხადა კოდუამ.

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გუშინ, სოფელ ერგეტში პარტიის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული.

წყარო: ინტერპრესნიუსი