კახა კალაძე “ლიდერთა საბჭოს” განცხადებებზე: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მათი საქმე

1144

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ასეა მაგათი საქმე დღეს, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე.

“არ ვიცი, ვინ დააწვა ოპოზიციურ კანდიდატს? სისულელეა”, – აღნიშნა კალაძემ “ლიდერთა საბჭოს” ბრალდებების საპასუხოდ. კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია.

“თქვენ ყველას ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე? თავპირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება, ოჯახის წევრების დაჭერა განსხვავებული აზრის გამო, მე რამეს ხომ არ ვიგონებ? ახლა შევადაროთ, რა ხდება დღეს. ყველა არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა, ნახეთ რა დასკვნებია დადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. თითოეულ კანდიდატს თავისუფალ გარემოში და თანაბარ პირობებში აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა. ზოგი გამოდის და ამბობს, კალაძე ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობასო. რამდენი შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან, ყველაფერი ხომ შედარებითია, ამოვიღოთ და ვნახოთ, ვინ რამდენი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, ვის რა პროგრამა აქვს და ა.შ.”,- განაცხადა კალაძემ.

“ლიდერთა საბჭოს” წევრები დღეს საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“ლიდერთა საბჭოს” წევრების თქმით, მათ ისაუბრეს ზეწოლის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება, გაკეთდა პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი