ხაშურის გამგებელი 11 წლის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის” სიაში ეწერა

1488

,,ქართული ოცნების” ხაშურის მერობის კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში იყო

,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების” ხაშურის მერობის კანდიდატს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მოქმედი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გურასპაშვილი 11 წლის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში მე-16 ნომერი იყო. სია “ხაშურის მოამბეში”, გამგეობის მაშინდელ გაზეთშია გამოქვეყნებული.

,,გიორგი გურასპაშვილი, რომელიც ახლა ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი და ხაშურის მოქმედი გამგებელია, 2006 წლის არჩევნების დროს ჩვენი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. ხაშურში ის იმერეთის ქუჩაზე იყო პასუხისმგებელი (ამ ქუჩაზე ცხოვრობდა) და სხვათაშორის მაშინ კარგი შედეგებიც მოგვიტანა მიმდებარე საარჩევნო უბნიდან. ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა 11 წლის წინ. მაშინ ხუთეულში სურდა შეგვეყვანა, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილების შედეგად მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა და ის სიის მე-16 ნომერი იყო,”- ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი. მისივე თქმით, გიორგი გურასპაშვილი ამის გამო პარტიას გაუნაწყენდა და ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

გიორგი გურასპაშვილის ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირსა და ამ პარტიისადმი მის 11 წლის წინანდელ განწყობებზე საუბრობს ,,ნაციონალური მოძრაობის” ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის კანიდიატიც. როინ მახარობლიძე ადასტურებს, რომ ხაშურის მოქმედი გამგებელი 2006 წელს მათ პარტიულ ინტერესებს იზიარებდა, რასაც მისი აქტიურობაც ადასტურებდა.

ოპოზიციის განცხადებებს ,,ქართული ოცნებიდან” ხაშურის მერის კანდიდატი აბსურდს უწოდებს და ,,ნაციონალურ მოძრაობას” ზეწოლაში ადანაშაულებს.

,,მე იმ პერიოდშიც გავლენიანი ადამიანი ვიყავი. ხალხი მიცნობდა, პატივს მცემდა და მენდობოდა. სწორედ ამიტომ 2006 წელს, ჩემგან დამოუკიდებლად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემი გვარი და სახელი შეიყვანა თავის პარტიულ სიაში. მათთან არანაირი კავშირი არ მქონია, არ ვყოფილვარ პარტიის წევრი და არც ხმა მიმიცია მათთვის არცერთ არჩევნებზე. ჩემი პირადობის მოწმობის ასლიც რომ არ დაფიქსირებულა მათ პარტიაში, ისიც მოწმობს, რომ პირადობაში გიორგი მიწერია სახელი, სიაში კი გია გურასპაშვილად შემიყვანეს.” – აცხადებს ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, მაშინვე რატომ არ გააპროტესტა უნებართვოდ სიაში შეყვანა, გურასპაშვილი გვპასუხობს, რომ პროტესტს აზრი არ ჰქონდა და იმ პერიოდში, არც რაიმე პოლიტიკური ინტერესი ჰქონია.

გიორგი გურასპაშვილის დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2002-2004 წლებში ის ხაშურის საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ოდნავ მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროს ხაშურის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელი იყო.

ხაშურის გამგებელი გასულ წელს სკანდალში გაეხვა. პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩის” წარმომადგენელმა მისი სატელეფონო ზარის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც გიორგი გურასპაშვილი ,,ჩემი ცოლის დაქალების” სცენარის ავტორს, მსახიობს და ,,ნაციონალურ მოძრაობას” აგინებს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტი