ევროპული საქართველო ცესკოს უმოქმედობაში ადანაშაულებს

488

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ცესკომ უწყებათაშორის კომისიასა და 10 ადგილობრივ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმა, “ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემას თავს ვერ ართმევს.

“როგორც კი შსს-ს წარმომადგენელმა მოაწერა ამ მემორანდუმს ხელი, იმავე დღეს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში, როდესაც თავს დაესხნენ ჩვენს კანდიდატს და დღემდე არავინ დასჯილა, დღემდე საქმე გამოუძიებელია. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი. ასევე, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში და ამას ყველა აღნიშნავს. გარდა ამისა, ანგარიშებში საუბარია შემოწირულების მხრივ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრობლემებზე. ეს კი პირდაპირ ცესკოს მოვალეობაა”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

მისი თქმით, ისევე როგორც შარშან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ პრობლემას თავი ვერ გაართვა.

წყარო: იმედინიუსი