ოზურგეთელი პედაგოგი გამგებელს მუქარაში ადანაშულებს, გამგებელი კი ბრალდებას უარყოფს

917

“სკოლაში “კრანი” გააკეთა მოხელემ 10 დღის წინ და ის უნდა შემემოწმებინა. ამიტომ ვიმყოფებოდი დღეს სკოლაში ჩემო კარგო. სად მცალია მე, პოლიტიკურ საქმეებში ჩასართავად, დავდივარ უბნ-უბან და ხალხს ვეხმარები, ამ ფაროსანების შეწამვლაზე” – ასე პასუხობს ბახვის თემში გამგებლის წარმომადგენელი გოჩა შარაშენიძე მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგის ბრალდებას.

შარაშენიძის თქმით, ის მშვიდობაურის სკოლას ხშირად სტუმრობს, როცა დირექტორი დახმარებას სთხოვს:  “მარტო დღეს კი არა, მაგ სკოლაში კვირაში რამდენჯერმე მივდივარ, დირექტორი მირეკავს და ხან რაზე სჭირდებათ დახმარება, ხან რაზე. ასეა ჩემო კარგო და არ ვიცი რა ინტერესი აქვს მაგ მასწავლებელს, რას ყვება და იგონებს ჩემზე”- ამბობს შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის (ბახვის თემი) საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ლელა სიხარულიძე აცხადებს, რომ სოფელში გამგებლის წარმომადგენელი, გოჩა შარაშენიძე ემუქრება.

როგორც ის “გურის მოამბესთან” ჰყვება, შარაშენიძე დღეს მას სკოლაში ეწვია და პირადად მისი და “ოცნების” კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის სახელით დაემუქრა. როგორც პედაგოგი აცხადებს, მის მიმართ განხორციელებული მუქარა სავარაუდოდ გუშინდელ დღეს უკავშირდება, როცა ის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრას ესწრებოდა სოფელში: ‘მოვიდა გოჩა შარაშენიძე დღეს სკოლაში, მაშინ როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა და რამდენჯერმე გამიმეორა, თუ არ შევწყვეტდი სხვა კანდიდატის მხარადაჭერას, მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეგვექმნებოდა. ასევე რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ის არა მარტო მისი, არამედ ბეგლარ სიორიძის სახელით მემუქრებოდა”-გვეუბნება სიხარულიძე.

დღეს მშვიდობაურის საჯარო სკოლაში გამგებლის წარმომადგენლის სტუმრობას ადასტურებს სკოლის დირექტორი, ირაკლი გარაყანიძე, თუმცა როგორც ის გვეუბნება, შარაშენიძესა და სიხარულიძეს შორის შემდგარი საუბარის შინაარსი მისთვის უცნობია: “გიდასტურებთ, რომ იმყოფებოდა შარაშენიძე დღეს სკოლაში, თუმცა არ ვიცი რა იყო მათ შორის საუბრის თემა. ისინი ერთი ერთზე საუბრობდნენ”-გვითხრა გარაყანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით “გურიის მოამბე” კომენტარისთვის დაუკავშირდა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს:

“ჩვენი, რესურსცენტრის და ზოგადად სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ სკოლები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისაგან. საჯარო სკოლებში, მით უფრო საგანმანათლებლო პროცესის დროს, დაუშვებელია მსგავსი ქმედებები”-გვითხრა ლელა იმედაშვილმა.

წყარო: გურიის მოამბე