ნიჰილიზმი საზოგადოებაში და თვითმმართველობაში ჩართულობის ახლებური მოდელი

1889

დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, მართვისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობაა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სხდომები საჯაროა და ნებისმიერ პირს აქვს დასწრების უფლება, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოქალაქეთა ჩართულობის დონე მაინც დაბალია. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილმა აღნიშნა, თანამდებობაზე 2014 წლიდან იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ გამოთქვა.
„იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს, თუმცა აქტიური ჩართულობა არ გამოუჩენიათ. ყველა მოქალაქეს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მხოლოდ ხმის მიცემის უფლება არ აქვს. ასაკი განსაზღვრული არაა იმიტომ, რომ არის საკითხები, რომელიც ეხება როგორც სრულწლოვანებს, ასევე არასრულწლოვანებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ. სამწუხაროა, რომ ნიჰილიზმი არსებობს მოსახლეობაში და ამაში პირველ რიგში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი. მოქალაქეებს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ხელისუფლებამ სხვა ხედვით და რაკურსით დაიწყო მათთან მიდგომა. მინდა გავიხსენო იგივე სოფლის პროგრამები, რომელიც შეწყდა. მათი განხორციელება უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობით ხდებოდა. ავიღოთ თელავის მაგალითი, მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც მოხდა თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ხალხი ხედავს, რომ მათმა ჩართულობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ეს ყველაფერი კი უნდობლობას იწვევს. “

საკრებულოს სხდომებზე დასწრების გარდა, არსებობს თვითმმართველობაში ჩართულობის სხვა ფორმებიც. ესენია:პეტიცია; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა არც ამ თვალსაზრისით შეიმჩნევა. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით, მოქალაქეები თვითმმართველობას ძირითადად პირადი პრობლემების გამო აკითხავენ.
„ითხოვენ ერთჯერად ფინანსურ და სამედიცინო დახმარებას. 2016 წელს საერთოდ არ შემოსულა პეტიცია საზოგადოებისათვის საჭირო პრობლემის მოგვარების თხოვნით. რაც შეეხება 2017 წელს, შემოსულია მხოლოდ ერთი პეტიცია სოფელ ვაჩნაძიანიდან ახალგაზრდებისთვის სკვერისა და გასართობი ადგილების კეთილმოწყობის თხოვნით. აღნიშნული პეტიცია გამგეობაში შემოვიდა საკრებულოს გავლით და მიმდინარეობს მისი განხილვა. “

გურჯაანელი 15 წლის ლევან ჯაჯანაშვილი ამბობს, რომ თუკი გამგეობას მოქალაქეები დაუსაბუთებენ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის აუცილებლობას, მათი მხრიდან დახმარება აუცილებლად იქნება. მისივე თქმით, თანამშრომლობის ინიციატივა ორივე მხრიდან უნდა არსებობდეს.
„საინიციატივო ჯგუფი „მომავალი ჩვენია“ ახორციელებდა საქველმოქმედო ღონისძიებას . ფართის და აპარატურის თხოვნით გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილს მივმართეთ. მან თავის მხრივ, გვიშუამდგომლა კულტურის სახლთან, სადაც დაგვითმეს დიდი დარბაზი და მოგვცეს აპარატურაც. მსგავსი სახის დახმარება გაგვიწიეს დისკოთეკის ჩატარების დროსაც. მე და ჩემი მეგობრები რა იდეებითაც მივსულვართ, ყოველთვის გვერდში დაგვდგომიან. ჩემი აზრით, ამ კუთხით ინიციატივას თუ სხვა ახალგაზრდებიც გამოიჩენენ, არ იქნება ცუდი და გამგეობა მათაც შეძლებისდაგვარად დაეხმარება. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. ყველაზე ძალიან ის მაღიზიანებს, როდესაც ახალგაზრდები გულგრილობას იჩენენ ყველაფრის მიმართ და არ ერთვებიან აქციასა თუ ღონისძიებაში. თუკი გამგეობა იგრძნობს მათ ჩართულობას და დაინახავს მათ სულისკვეთებას, თავს ვალდებულად ჩათვლის, დახმარება გაუწიოს.“

გურჯაანელი მოქალაქეების ნაწილმა არ იცის, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრებისა და საკითხების განხილვაში ჩართვის უფლება აქვს. ზოგი ამის საჭიროებას საერთოდაც ვერ ხედავს.
„პირველად თქვენგან გავიგე, რომ საკრებულოს სხდომაზე რიგითი მოქალაქის დასწრებაც შეიძლება. იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს დღესდღეობით ადამიანს, რომ ასეთი რამისთვის ვეღარ იცლის. ვფიქრობ, რომც გამოჩნდეს მსურველი, მის აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს. ბოლოს ისე გადაწყდება საკითხი, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ დასწრების აუცილებლობას ვერ ვხედავ,“ – ამბობს ნელი ჯავშანაშვილი.

ბეჟან ქევხიშვილის თქმით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის თავისი უფლებები, ამიტომ მათი ინფორმირებისთვის რაღაც საშუალება უნდა არსებობდეს.
„რა თქმა უნდა, თუკი შესაძლებელია, უნდა დავესწროთ, გავიგოთ რა ხდება რაიონში და რა საკითხებს განიხილავენ, მაგრამ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოდის, არ ვიცით სხდომების გრაფიკი, თუ არავინ გვითხრა, აბა ისე მე და ჩემისთანები საიდან გავიგებთ გამგეობაში როდის რა ტარდება?!.“

თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეების აქტიურად ჩართვის მიზნით, განსხვავებული მიდგომების აუცილებლობაზე საუბრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ყვირალაშვილიც. როგორც ის განმარტავს, მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მისი აზრი გათვალისწინებულია. ეს შეცვლის მიდგომას, რომ მათ ჩართულობას კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა შეუძლია.

წყარო: სპექტრი