რა არის თელავის მთავარი პრობლემა და როგორ აპირებენ თელავის მერობის კანდიდატები მათ გადაჭრას

1405

ქალაქისა და სოფლების გენერალური გეგმა, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, დასაქმება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ნარჩენების გატანა, პარკირების ადგილების მოწყობა,– ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი თელავის მერობის კანდიდატები აპირებენ გამარჯვების შემთხვევაში.

კანდიდატების ნაწილი თვლის, რომ პრობლემების მოგვარებას ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით მოახერხებს, ნაწილი კი ამბობს, რომ საჭირო ფინანსური რესურსის მოპოვებას დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტების განხორციელებით შეძლებს.

პარტია „ევროპული საქართველოს” თელავის მერობის კანდიდატი, ლელა მენთეშაშვილი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყურადღებას სოციალური, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას დაუთმობს და საჭირო ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიღებს.

,,თელავში უამრავი პრობლემაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაცშეიძლება კომპეტენტურად და სწრაფად მოვაგვაროთ. პრიორიტეტულად გამოვყოფ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობას. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის გახარჯვა. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ბიუჯეტიდან გახარჯულ ყოველ თეთრს ექნება მკაფიო მიზანი და საზოგადოებისთვის სასურველი შედეგი,’’– განუცხადა Knews.ge–ს ლელა მენთეშაშვილმა.

,,ლეიბორისტული პარტიიდან“ თელავის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი აცხადებს, რომ ერთ–ერთი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს, მაწანწალა ძაღლების პრობლემაა.

,,პირველი- მაწანწალა ძაღლების პრობლემაა; ანტირაბიული აცრები ყოველწლიურად იმატებს და ეს ვაქცინა მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის; მეორე- პარკირების პრობლემაა; მესამე- საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. წლებია, ვერ მოხერხდა, რომ ავტობუსმა იმოძრაოს ქალაქსა და სოფლებში, რომლითაც გარდა სხვა პირებისა, შეღავათებით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ეს ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ბევრ უსარგებლო საკითხზე იხარჯება ფული და ეს თანხები ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს. გამარჯვების შემთხვევაში, მე სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად ვიმუშავებ, რომ თანამონაწილეობით მოხდეს ცხოველთა თავშესაფრის აშენება’’,– განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის’’ მერობის კანდიდატი, დავით თუშიშვილი ძირითად პრობლემად სოფლებში დასაქმების დაბალ მაჩვენებელს ასახელებს.

,,ძირითად პრობლემად რჩება დასაქმება. მისი მოგვარების მიზნით, შეგვიძლია მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შევქმნათ ისეთი ეკონომიური ზონები, სადაც ხილის და სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადამუშავება იქნება წახალისებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო მათი ექსპორტი ხელშეწყობილი იქნება უშუალოდ უცხოელი მეგობარი ქალაქებისა და მხარეების მხრიდან. ასევე, ყველა სოფელში უნდა წახალისდეს სასოფლო–სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრები, რათა მათსრულფასოვნად უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სამ წელიწადში, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დახარჯა წყალმომარაგების გაუმჯებესებაზე, დღემდე ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.’’

,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი ინფრასტრუქტურის, გარე განათების და სოფლებიდან ნარჩენების გატანის კუთხით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

,,თელავში ჯერ კიდევ მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს არისგზების და გარე განათების პრობლემა. ასევე გარკვეულ სოფლებში არის ნაჩენების გატანის პრობლემა. პრობლემურია ასევე სასმელი წყლის საკითხი, რომელიც წლებია ქალაქსა და სოფლებს აწუხებს. გარდა ამისა, არის სხვა პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ასევე, მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ, გამოვკვეთავთ პრიორიტეტულ პრობლემებს. ჩვენი მიზანია, თვითმმართველობის გაძლიერება და მართვის პროცესში ჩართვა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება კი, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან.’’

,,ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი გამარჯვების შემთხვევაში არსებულ პრობლემებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით აპირებს.

,,წყალმომარაგება ძირითადი პრობლემაა. როცა ხელისუფლებაში ვიყავით, დავიწყეთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. 2012 წელს კი, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება და მაქსიმალურად გაწელა ეს საკითხი. 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, ამისი პირობა გუბერნატორმა, ყველა გამგებელმა და მერმა დადო.

გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად ვიზრუნებ წყალმომარაგება ჰქონდეს თელავს. მეორე მაწანწალა ძაღლების პრობლემაა. გამარჯვების შემთხვევაში, ავაშენებ ცხოველთა თავშესაფარს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით თანხა არ დაიხარჯება, მთლიანად დონორი ორგანიზაციების მიერ გაკეთდება. პრობლემაა უხარისხოდ გაკეთებული ქუჩები. უნდა მოხდეს დაგებული გზის ხარისხის კონტროლი და ჩატარდეს ექსპერტიზა.‘’

,,შენების მოძრაობიდან” მერობის კანდიდატი, გელა გელაშვილი სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად თელავის მთავარ პრობლემად, ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის არქონას ასახელებს.

,, თელავისთვის მთავარი პრობლემაა- ,,ქართული ოცნება“, მათი კორუფციული და კლანური მმართველობა. პრობლემაა ასევე, ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის არქონა. აუცილებელია ექსპერტების მიერ გაიწეროს კომპეტენტურად გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს მერი თუ საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილი პარტია. მათ უნდა იცოდნენ რა გააკეთონ სამი წლის შემდეგ. პრობლემაა მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონა და ნაკლები ჩართულობა. კონკრეტული სოციალური წრიდან გამოსული კანდიდატი, ივიწყებს გარშემომცხოვრებთა საჭიროებებს. ასეთი ადამიანები ანგარიშვალდებულები ხდებიან არა ხალხთან, არამედ კონკრეტული პარტიის მიმართ. ჩემი აზრით, პრობლემების მოსაგვარებლად, ბიუჯეტიდან აუთვისებელი ან გაფლანგული თანხები უნდა დაიზოგოს, მოხდეს განვითარების გენერალური გეგმის დამუშავება. ‘’

პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა ახალი საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატი თამარ ლამაზოშვილი ამბობს, რომ მთავარი მოსაგვარებელი საკითხები არსებული ბიუროკრატია და ბიუჯეტის არასწორი ხარჯვაა.

,, თელავში პრობლემად მიმაჩნია ბიუროკრატია, მერია, სიპები და აიპები, რომლთასაქმიანობა არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე. მათ ნაცვლად უნდა შეიქმნას მუნიციპალური იუსტიციის სახლები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მოსახლეობის ინტერესებზე. ეს იქნება ღია სივრცე ნებისმიერი საჭიროების მქონე მოქალაქისთვის. პრობლემად ვთვლი ასევე, თელავის ფუნქციის არარსებობას, ამისათვის საჭიროა მერიამ შეადგინოს კონკრეტული გეგმა, რომელიც გაზრდის თელავის როლს. მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია, ახალგაზრდების ნაკლები აქტიურობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. თელავში უამრავი ახალგაზრდაა საინტერესო დაკრეატიული იდეით. მერიამ ხელი უნდა შეუწყოს მათ გააქტიურებას და რეალიზებას’’,– განუცხადა Knews.ge-ს თამარ ლამაზოშვილმა.

წყარო: კახეთინიუსი