თელავი საქართველოს იმ 10 ქალაქს შორისაა, სადაც რეგიონული „ჰაბი“ შეიქმნება

919

რეგიონული ჰაბის შესარჩევად კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის შედეგები უკვე ცნობილია.

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს ათ  რეგიონში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნება.

თითოეულ რეგიონში ამ ფუნქციას ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია განახორციელებს, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბ-ს. რეგიონული „ჰაბ”-ები იმოქმედებს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

თელავში რეგიონულ „ჰაბს“ კოორდინაციას გაუწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ (MCK).

,,ჰაბი იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონალური ,,ჰაბების“ ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი. ვისწრაფით დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისათვის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის; მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას; ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა უფრო ეფექტურად უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირება და ამით გაზარდონ მათდამი ნდობა საზოგადოებაში”, – აღნიშნავს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი ლია კილაძე.

წყარო: კახეთინიუსი