ცხვარი მერად! – რადიო “თავისუფლებამ” თელავის “მერობის კანდიდატ” ცხვარს კლიპი მიუძღვნა

974

რადიო “თავისუფლებამ” თელავის “მერობის კანდიდატ” ცხვარს კლიპი მიუძღვნა. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ თელავს, დანარჩენ 6 ქალაქთან ერთად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, მერობის კანდიდატად ცხავარი “წარადგინეს” და მოუწოდებენ ამომრჩევლებს, საარჩევნო ბიულეტინს მიაწერონ ცხვარი და შემდეგ სწორედ ის შემოხაზონ.

კამპანიის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ მჭედლიშვილის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას და ამომრჩეველს უყურებს, როგორც ცხვარს. “ამ კამპანიით ჩვენ გვინდა ვუთხრათ მას, რომ ჩვენ ცხვრები არ ვართ”, – ამბობს მჭედლიშვილი.

რადიო “თავისუფლების” მიერ მომზადებული კლიპი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ნიშნავს თვითმმართველი ქალაქი: თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, თავად აირჩიონ ქალაქის მერი, ადგილობრივ ხელისუფლებას კი – თავად შეადგინონ ბიუჯეტი.

სამწუხაროდ, თელავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, აღარ ეყოლება საკუთარი მერი, აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რაც თვითმმართველობის განხორციელებას ქალაქში საგრძნობლად შეაფერხებს.