მიწის კანონი შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებთან

889

ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგინა.

ინვესტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

„ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული“, – აცხადებენ ინვსტორთა საბჭოში.

საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, რომ ორგანულ კანონში გათვალისწინებული იყოს ჩანაწერი უკვე არსებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეაფერხებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

„კანონში უნდა ეწეროს, რომ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაძლებლობა ექნებათ ის გადასცენ ან გაყიდონ ნებისმიერ სხვა უცხოელ პირზე. ეს სიგნალს მისცემს ინვესტორებს, რომ ისინი საქართველოში დაცულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიაყენოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მიწაზე მორატორიუმი, მით უფრო დაზარალდება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი“, – განაცხადა ინვესტორთა საბჭოზე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ყველა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებასა და მოწოდებულ რეკომენდაციებს დეტალურად შეისწავლიან და შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

წყარო: კახეთის ხმა