სენაკში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და გორში მცხოვრები კიდევ ხუთი ათასზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება

91

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

სამინისტროსვე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი ქვეყნის მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისთვის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

„შეგახსენებთ, 2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი“, – აცხადებს სამინისტრო

წყარო: LivePress