ბოლნისში ქალთა საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა

922

ბოლნისში, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით გაიმართა დისკუსია ქალთა საჭიროებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ კანდიდატი ქალები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების შესახებ მოკვლეული ანგარიში გააცნო.

ქალთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 შეხვედრა ჩაატარეს. იმის გამო, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები საჯარო შეხვედრებში არ იღებენ მონაწილეობას, მათ ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებოდნენ მინდვრებში და მათი თავშეყრის ადგილებში ან სახლებში, სადაც შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ ქალები იღებდნენ. ქალების გარდა შეხვედრები გაიმართა ჩაიხანებში კაცებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლები მათაც ქალთა საჭიროებების შესახებ ესაუბრებოდნენ.

ინფრასტრუქტურული პრობლემები – უმუშევრობა, უწყლობა, დაზიანებული შიდა გზები, ნაგვის გატანა სოფლიდან, შიდა განათებების არ არსებობა, საბავშვო ბაღის არ ქონა, ქართული ენის შემსწავლელი კურსების შექმნა, ბიბლიოთეკის, სპორტული და გასართობი მოედნების, სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრების ამოქმედება, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა – ეს, ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სოფლად მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ვერ იღებენ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას, ტრადიცია, ქმარი მათ ამის უფლებას არ აძლევს. პრობლემაა ისიც, რომ ქართული ენის უცოდინრობის გამო ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციებს სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

„საყურადღებო ანგარიშია, რამდენიმე შეხვედრას ქალებთან ჩვენც ვესწრებოდით, ქალები მათი საჭიროებების შესახებ საუბრობენ და პრობლემები რეალურად მართლაც არსებობს. ფაქტია, სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, სწორედ ამიტომაც, შევქმენით ლიდერ ქალთა ინსტიტუტი, რომლის იდეაც სწორედ ისაა, რომ დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ ქალს.

სოფლებში ვიღრჩევთ აქტიურ ქალებს, ლიდერ ქალებს, რომლის ფუნქცია ისაა, რომ სოფლის მოსახლეობას მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული სიახლეები და ინფორმაცია საქმიანობის შესახებ და პირიქით, ადგილობრივ თვითმმართველობამდე მოიტანოს სოფლის პრობლემები, ქალთა საჭიროებები, რომღ ქალები ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიების პროცესში,“ – განაცხადა ბოლნისის მინიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ფატი ტვილდიანმა, რომელიც ასევე, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით კანდიდატია.

„სოფელ მამხუტში, პაპანაქება სიცხეში მინდორში ხახვის მოსავლის არებაზე მომუშავე ქალებს შევხვდით, ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, მათ უამრავი პრობლემა აქვთ, გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა 15 ლარად… მათ არ აქვთ წყალი, წყლის ზიდვა კიდევ ერთი მძიმე ტვირთია მათთვის.. 21-ე საუკუნეში სოფლებში არ არის გაზი… ბაღი… ძალიან სერიოზული პრობლემებია. სახელმწიფომ უნდა იფიქროს მათ დასაქმებაზე, კარგი იქნება თუ შეიქმნება მცირე საწარმოები მაგალითად, ხილის დამამზადებელი ან სხვა მსგავსი ტიპის მცირე საწარმოები, სადაც ქალები დასაქმდებიან…“ – განაცხადა ბოლნისის საკრებულოს წევრმა ლეილა ალიევამ.

დისკუსია ქალთა საჭიროებებზე გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

წყარო: აიპრესი