თეა წულუკიანი: გაოცებული ვარ, როგორ იქცეოდა გუშინ ზოგიერთი დეპუტატი

847

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს. წულუკიანმა ეს განცხადება, გუშინ საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მან ყველა პარტიას მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში გამართონ.

“ვფიქრობ ნებისმიერი ციებ-ცხელება, ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა, ვთვლი, მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო, ადეკვატური.

როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა ყველას მოვუწოდო – პოლიტიკოს, დეპუტატს, მაჟრიტარობის კანდიდატს ნებისემირი პარტიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს, და შეეცადონ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ მშვიდ გარემოში, რადგან ნებისმიერ ასეთ პროვოცირებულ დაძაბულობებს, უყურებს ამომრჩეველი, და ამომრჩეველზე უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ქმედება. ვიმედოვნებ, გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის მხრიდან იმ პოლიტიკოსებზე და პარტიებზე , თუ პარტიაზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. კარგია, რომ მდგომარეობა მალე სიმშვიდეს დაუბრუნდა. ვისურვებ, ვინც დააკავეს, მალე გათავისუფლებულიყოს, რათა მაქსიმალურად სწრაფად გააგრძელონ თავიანთი კამპანია, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა აწარმოონ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: აიპრესი