გიორგი ალიბეგაშვილი: ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე

701

თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დღეს მიღებულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ საკრებულოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა  განაცხადა.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომის არალეგიტიმურობის საკითხი იმის მიხედვით განისაზღვრება, მონაწილეობს თუ არა რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვაში საკრებულოს წევრთა უმრავლესობა. ალიბეგაშვილის განცხადებით, საკითხები, რომლებსაც გუშინ დაუჭირეს მხარი, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია.

“ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ასევე, განცხადებები კეთდებოდა, რომ თაბორის მთა იყიდებოდა, არავინ საკითხის არსში არ წვდებოდა, კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიებზე. მთელი ფერდობის მელიორაციის სისტემის განვითარებაზეა საუბარი. ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტია, რომელიც 1 მილიარდ 500 მილიონიან ინვესტიციას ითვალსიწინებს, ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება”, – განაცხადა გუშინ ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა, თუ ვის მიერ მოხდა პოლიციის მობილიზება საკრებულოს შესასვლელთან. “პოლიციის მობილიზების შესახებ გადაწყვეტილება პირადად არ მიმიღია. ეს არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ თავიდან უნდა აგვეცილებინა ის შოუ, რომელიც გარეთ იდგმებოდა. წინააღდეგ შემთხვევაში შოუ საკრებულოს შენობაში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გადმოინაცვლებდა და აქ განმეორდებოდა ეს ყველაფერი. რაღაცა ცოტა დაბალი მცდელობა ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ როგორც ნახეთ, ეს არ გამოუვიდათ”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი