გიორგი ტყემალაძე: არავის აქვს უფლება საკრებულოში მოაწყოს დესტრუქცია და დებოში

1046

პარლამენტის რეგლამენტით დეპუტატებს მაშინ აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება, როდესაც ამას კონსტრუქციულ რეჟიმში ახორციელებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 29 სექტემბრის საკრებულოს სხდომა გაიხსენა, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ლიდერების განცხადებები, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

„აშკარად არის მცდელობა მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომის ფუნქციონირებას ხელი შეუშალონ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოაწყოს დესტრუქცია, დებოში. ეს არის თვითმმართველობის წარმომადგენლობის მთავარი ორგანო“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი