“ინიციატივა საჯარო სივრცისათვის”: “თბილისის საკრებულოს სხდომა უკანონოდ იხურება, რაც სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველია”

749

“ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, იხურება კოლეგიური ორგანოს, საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომლის საჯაროობა, მონაწილეობის ყველა მსურველისათვის კანონითაა გარანტირებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე პროვოკაციებისა და არეულობის პრევენციას ასახელებს.

“კანონმდებლობის მიხედვით, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხდომის დახურვა ემსახურება პერსონალურ მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაიდუმლოებას.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.

საკრებულოს თავჯდომარის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხდომის დახურვის მოტივი კანონით გათვალისწინებულ მიზნებს არ ემსახურება, შესაბამისად, სხდომა იხურება უკანონოდ, რაც ნებისმიერი მასზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო დღეს „თაბორი რიზორთსისა“ და „თბილისი სითისთვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხს განიხილავს, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.