ვინ სად გააგრძელებს მუშაობას გაუქმებული მუნიციპალიტეტებიდან – კომისიამ შეფასებები დაასრულა

899

ახალციხის მერია და გამგეობა, როგორც ცალ-ცალკე ადმინისტრაციები, არსებობს ბოლო დღეებს ითვლის; პარალელურად, მუშაობის ბოლო დღეებს ითვლიან უწყებაში დასაქმებული თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს გასაუბრებები,თუმცა, სად და როგორ გააგრძელებენ მუშაობას, ჯერ ამის შესახებ არაფერი იციან.

მას შემდეგ, რაც ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოეხსნა და იგი ახალციხის თემთან გაერთიანდა, თემსა და ქალაქში გაერთიანებისთვის საჭირო არაერთი პროცედურა დაიწყო. გაერთიანების კრიზისი უწყებების თანამშრომლებსაც შეეხო. იმის დასადგენად, ვის შეეხებოდა მობილობა, ანუ, ვინ გააგრძელებდა მუშაობას უკვე გაერთიანებული თემისა და ქალაქის თვითმმართველობაში, გაუქმებული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს გასაუბრება უნდა გაევლოთ.

საქართველოს მთავრობის დადგენილება N417, 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის შესახებ, 1 სექტემბერს გამოქვეყნდა. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ მოხელეთა შესაფასებლად მერიაშიც და გამგეობაშიც სპეციალური კომისია უნდა შექმნილიყო.

ახალციხის მერიაშიც და გამგეობაშიც კომისია, რომელიც თვითმმართველობის თანამშრომლებს აფასებდა, ხუთ–ხუთი კაცისგან დაკომპლექტდა. ორივე კომისიაში ორი წევრი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ორი თვითონ უწყების (მერიაში მერიის და გამგეობაში გამგეობის) და ერთი არასამთავრობო სექტორიდან. ორივე უწყებაში კომისიას სამხარეო–ადმინისტრაციის თანამშრომელი ხელმძღვანელობდა.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომისიებს მუშაობა არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა დაესრულებინათ. ახალციხეში, მერიაშიც და გამგეობაშიც, გასაუბრება სამ–სამ დღეს გაგრძელდა, 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დაასრულდა.

კომისია თანამშრომლებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდა, მათ შორის, მოხელის ფუნქციები, კომპეტენცია, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ–ჩვევები. კომისიის წევრები თითოეული მოხელის შესახებ შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებდნენ: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

გამგეობაში გასაუბრება 60-მა, მერიაში კი 62-მა თანამშრომელმა გაიარა. კომისიის წინაშე არ წარმდგარან შპს-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები  და ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები.

გასაუბრების შედეგები, მერიიდანაც და გამგეობიდანაც, უკვე გაიგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.  თუმცა, ამ 122 თანამშრომლიდან რამდენი მოხელე რა შეფასებას დაექვემდებარა, ეს ინფორმაცია გასაჯაროებას არ ექვემდებარება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიხსნიან, რომ გასაუბრების შედეგები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და კონკრეტული პირების თანხმობის გარეშე მას ვერ გაასაჯაროებენ, გარდა ამისა, სამინისტრო მხოლოდ გამტარია ამ ინფორმაციის და არანაირი უფლება არ აქვს, შედეგებში რაიმე კორექტივები შეიტანოს: „ეს ინფორმაცია ჩვენგან საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა გადაეგზავნოს და, ასევე, ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება იმისათვის, რომ, თუ ვინმე ვერ დასაქმდება ახალჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში, ის რეზერვში გვყავდეს“.

ვინ აღმოჩნდება რეზერვში და ვინ დაექვემდებარება მობილობას, ამ ეტაპზე არავინ იცის. თავად ის ადამიანები, ვინც გასაუბრება გაიარეს, კომისიის მხრიდან რაიმე ტიპის მიკერძოებაზე არ საუბრობენ და რაიმე პროგნოზიც უჭირთ. ისინი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ განაწყენებას მოერიდნენ, მაგრამ, რა ბედი ელით მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, ამაზე ლაპარაკი უჭირთ.

მათგან განსხვავებით, მოხელეთა შერჩევის ეს წესი პრობლემურად მიაჩნიათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება და შეფასების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და აჩენს სუბიექტური გადაწვეტილების მიღების რისკს, „რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას მნიშვნელოვნად შეაფერხებს“.

საიაში ამბობენ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით: „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე, შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე, ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით“.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, მობილობის განხორციელებისთვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას, მიუხედავად მისი შეფასების შედეგებისა.

იქნება თუ არა გადაწყვეტილებები სუბიექტური და 122 თანამშრომლიდან ვინ გააგრძელებს მუშაობას ახალშექმნილ, უკვე ერთ – ახალციხის მერიის თვითმმარელობაში, სულ მალე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაირკვევა.  საბოლოო გადაწყვეტილება, კომისიის შეფასებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა უნდა მიიღოს.