ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო პროცესზე განცხადებას აკეთებენ

773

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭომ მედია თავისუფლებასა და დაფინანსების პრობლემებზე არასმთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრა გამართა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. მათი თქმით, წინასაარცევნო პროცესი დისკრიმინაციული და არასამართლიანია.

” პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:
1. არათანაბარი მედია-გარემო:

1.1. საზოგადოებრივი მაუწყებელის „მეორე არხი“, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულად ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა;

1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე;

ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე:

1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩატელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ერთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს;

1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ ავტორიტარულ რეჟიმთან არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრეს-ცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპოდენტების შერჩევა – სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე.

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესოდროის (Prime Time) 49.61% „ქართულ ოცნებას“ეთმობა, 19.67% – „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% – ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად.

2. არათანაბარი ფინანსური რესურსი:

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით:

2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%);

2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%);

2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები – 146 170(1.56%).

ცალკე საკითხია ხელისუფლების აღურიცხავი ფინანსური რესურსი (ე.წ. „შავი ფული“), რომელიც ბევრად აღემატება აუდიტის სამსახურში რეგისტრირებულ მონაცემებს.”- ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ლიდერთა საბჭოს წევრები საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავენ, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში.

წყარო: იმედი ნიუსი

ფოტო: იმედი ნიუსი