კახა კალაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

688

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.

”განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე“, – განაცხადა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდაზე ისაუბრა.

“2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოვეწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა კალაძემ.

განათლების სისტემაში სიახლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ილაპარაკა. მისი თქმით, თბილისში შეიქმნება განათლების პარკები – ეს იქნება სპეციალური ტერიტორიები, სადაც განთავსდება როგორც საშუალო სკოლები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნილი სპეციალიზებული გაძლიერებული სკოლები.

“აქ აქცენტი გაკეთება იმაზე, რომ ზედა კლასებში ყველაზე ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ მსოფლიო კლასის განათლება, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც განაგრძონ განათლების მიღება,“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედი ნიუსი