„ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისთვის ერთობლივ ფორმატზე შეთანხმებას სთავაზობს

895

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორც თალაკვაძემ კახი კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.

”მოგეხსენებათ, რომ დღეს, საქართველოში თავისუფალი მედია-გარემოა და საბედნიეროდ, არსებობს ბევრი მედია-საშუალება, რომელთაც სურთ კანდიდატებმა მონაწილეობა სწორედ მათ არხებზე გამართულ დებატებში მიიღონ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” პრაქტიკულად ყველა წინასაარჩევნო მედია-ფორმატში მონაწილეობს. ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება მედიის ინტერესი და მოთხოვნა კანდიდატების დებატებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით თბილისის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში.

ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება – ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას შეთანხმდენენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედია საშუალება, ან რომელიმე მერობის კანდიდატი. ამიტომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი