შიდა ქართლის არჩევნების მთავარი ინტრიგა – „შენების მოძრაობა“ VS „ქართული ოცნება“

1550

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიიდან მერობის 28 კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც  ქალი კანდიდატი მხოლოდ ხუთია, თუმცა, არც ერთი მმართველი პარტიიდან – „ქართულმა ოცნებამ“ შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის მხოლოდ კაცი კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატების ბიოგრაფიებს თუ გადახედავთ, ისინი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ისეთი ტემპებით იცვლიან პარტიებს, თავბრუ დაგეხვევათ. ის, რომ მმართველ პარტიას ამ არჩევნებზე წევრები, მათ შორის, მოქმედი გამგებლები და საკრებულოს წევრები, ტოვებენ და დამოუკიდებელ, ან სხვა პარტიის კანდიდატებად რეგისტრირდებიან, არახალია. თუმცა, ეს სენი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ შეყრია. შიდა ქართლში, მაგალითად, ლეიბორისტი „პატრიოტი“ გახდა, „პატრიოტი“ – დამოუკიდებელი კანდიდატი და რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ახლა მერად გახდომას ბაქრაძე-უგულავას მხარდაჭერით ცდილობს. თუმცა, რეგიონში არჩევნების მთავარ ეპიცენტრად მაინც გორს თვლიან, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი „შენების მოძრაობიდან“, ხოლო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ დაუპირისპირდნენ. თუმცა, მივყვეთ მუნიციპალიტეტებს ცალ-ცალკე:      

კასპში მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს: მანუჩარ მერებაშვილი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ კანდიდატია. ის კასპის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა. „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატად დიმიტრი გორგაძე წარადგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადან“ მერობისთვის ალექსანდრე შაქარაშვილი იბრძოლებს. შაქარაშვილი სოფელ დოესიდანაა, ის ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში სოფლის რწმუნებული იყო. „პატრიოტთა ალიანსიდან”კენჭს მამუკა ბექაური იყრის. საკუთარ ძალებს მოსინჯავს, აგრეთვე, „ტრადიციონალისტების” კანდიდატი ნუგზარი გაგუაც. ერთადერთი ქალი კანდიდატი კასპში ნათია ბახტაძეა. ის მერობის კანდიდატად „რესპუბლიკურმა პარტიამ” წამოაყენა.

ქარელში მერობას ხუთი კანდიდატი გეგმავს. მათ შორისაა მოქმედი გამგებელი ზაზა გულიაშვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად კვლავ წარადგინა; გულიაშვილი ყოფილი მოჭიდავეა. წლების განმავლობაში ის შპს „ფალავანში“ ჯერ დაცვის უფროსად, შემდეგ კი სამსახურის უფროსად მუშაობდა. მოგვიანებით მან ჯერ ქარელის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ გადაინაცვლა, შემდეგ კი ქარელის გამგებლად. მმართველი გუნდის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან” ქარელის საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ახალკაცი დაუპირისპირდება, ხოლო „ევროპული საქართველოდან” – მარლენ ლომიტაშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, მანამდე ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს. კანდიდატი ჰყავს „პატრიოტთა ალიანსსაც” – მას ქარელში საკრებულოს წევრი ზურაბ ქველაძე წარმოადგენს, რომელიც საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან გახდა. ქარელში მერობისთვის იბრძვის, ასევე, საარჩევნო ბლოკის – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” წევრი გენადმამაგულაშვილი.

ხაშურ მერობის რვა კანდიდატი ჰყავს. მათ შორის, ერთი ქალია –  ნატო კიკაძე მერობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ” წარადგინა. მმართველ პარტიას აქ ისევ მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი წარმოადგენს. გურასპაშვილი, თავისი გამგებლობის განმავლობაში, სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა და ის, ძირითადად, ცემას და მუქარას უკავშირდებოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს მან ქვიშხეთის რწმუნებულს, მალხაზ გონგლაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, 2016 წელს კი გურასპაშვილი „გირჩის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ზაზა მეხრიშვილს და „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს აგინებდა და ემუქრებოდა.

ხაშურში დამოუკიდებლად ცდის ბედს ორი კანდიდატი – საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი რამაზ ნოზაძე და ილია კაპანაძე. რამაზ ნოზაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსიდან” მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი და ის ხმათა რაოდენობით მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა, ამჯერად მერობის კანდიდატად ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. რაც შეეხება ილია კაპანაძეს, ის ხაშურის საკრებულოს მოქმედი წევრია.

საარჩევნო ბლოკის – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” მერობის კანდიდატია გიორგი ბერიძე, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გიორგი მახათაძე წარმოადგენს. მერობის კანდიდატი ჰყავს „პატრიოტთა ალიანსსაც” – პარტიის სახელით აქ აკაკი ჩიტაძე იბრძოლებს. საარჩევნო ბლოკიდან – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” კი მერობას ლაშა გელაშვილი გეგმავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, გორის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს, საიდანაც სამი ქალი კანდიდატია. თამარ ზურაბაშვილი ბედს ლეიბორისტული პარტიიდან ცდის, სოფიკო აფრიაშვილი – საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”, ხოლო ნანა ხიზანიშვილი – საარჩევნო ბლოკიდან „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”.

კანდიდატები ჰყავთ სხვა პარტიებსაც. „ევროპული საქართველოდან“ ბედს დავით მახნიაშვილი ცდის, იოსებ სოსიაშვილი – საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”. „ნაციონალურ მოძრაობას” გორში რევაზ კახნიაშვილი ჰყავს წარდგენილი. მერობა სურს, ასევე, ალეკო ლურსმანაშვილს, რომელიც „სოციალისტური საქართველო – კომუნისტების” კანდიდატია.

ყველაზე მთავარი ინტრიგა გორის არჩევნებს მოქმედი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობამ შესძინა. გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მერობისთვის ბრძოლა ,,შენების მოძრაობიდან” გადაწყვიტა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე  კონსტანტინე თავზარაშვილი კანდიდატად მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც გორის მერობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებდა, ადგილობრივი ტელეკომპანიის – „თრიალეთის“ ერთ-ერთი მეპატრონე  ბადრი ნანეტაშვილია, თუმცა, მან  კანდიდატურა დავით ონიაშვილის სასარგებლოდ მოხსნა და ამჟამად ,,შენების მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია.

კანდიდატთა ბიოგრაფიები, საარჩევნო პროგრამები და ცნობადობა განსხვავებულია. ზოგიერთი კანდიდატი ამ დრომდე შიდა ქართლის საზოგადოებას არც მედიით და არც შეხვედრებზე არ უნახავს.

ხმაურიანი განცხადებებითა და ბრალდებებით, ძირითადად, ,,ქართულ ოცნებისა“ და ,,შენების მოძრაობის“ კანდიდატები გამოირჩევიან.

როცა გორში პოლიტიკურ ველზე ,,შენების მოძრაობა“ და  მისი მერობის კანდიდატი დავით ონიაშვილი გამოჩნდნენ, თავდაპირველად, წინასააარჩევნო გარემო საინტერესო, მოგვიანებით კი დაძაბული გახდა. ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,,ქართული ოცნებიდან“ გახდა.

საზოგადოება მიიჩნევს რომ 21 ოქტომბრის არჩევნებზე ონიაშვილის კანდიდატურის დაყენებით ,,ქართულ ოცნებას“ და მისი მერობის კანდიდატს  სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა. მითუმეტეს, რომ ,,ოცნების“ რიგების დატოვება დაიწყეს პარტიის წევრებმა და ისინი ,,შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ. ამან, ბუნებრივია, ,,ოცნებასა“ და ,,შენების მოძრაობას“ შორის კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა.

ამ დაძაბულობას ონიაშვილის და ,,შენების მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერების მედიით გაკეთებულმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ონიაშვილზე ,,ქართული ოცნების“ პარტიული ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა ხდებოდა. ონიაშვილის თქმით, ის ,,ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი იმიტომ გახდა, რომ მარიონეტი და პარტიის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი არ აღმოჩნდა. ამიტომ პარტიის ლიდერების დავალებით, ,,ქართული ოცნების“ შიდა ქართლის კოორდინატორი და ამჟამინდელი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მისი ბიძაშვილი, მოქმედი პარლამენტარი დიტო სამხარაძე ონიაშვილს თანამდებობის დატოვებას სთხოვდნენ. ბრალდებები სამხარაძეებმა, ცხადია, უარყვეს და მოგონილი უწოდეს.

მოგვიანებით, ონიაშვილმა ,,ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი,  თავისივე პირველი მოადგილე გელა კაპანაძე მის მხარდამჭერ თანამშრომლებზე ზეწოლასა და რეპრესიებში დაადანაშაულა: ,,თავდაპირველად გამოიკვეთა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა არ იყო თანხვედრაში  ჩემს მიერ ინიცირებულ პროექტებთან და ჩემს მიერ აღებულ კურსთან. მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ ჩემი პირველი მოადგილე გელა კაპანაძე ჩემი არყოფნისას იმ თანამშრომლებზე, რომლებიც  ჩემი გატარებული კურსის და პროექტების მხარდამჭერები იყვნენ, რეპრესიებს ახორციელებდა და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა“, – განაცხადა ონიაშვილმა.

2 ოქტომბერს ონიაშვილმა კაპანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად  კაპანაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ,,სხვა უკანონო ქმედებები“  დაასახელა, თუმცა, გათავისუფლების ბრძანებაში ამ მიზეზებზე არაფერი ჩაუწერია.

,,ჩემს მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ბატონი გელა იმ კანონდარღვევების შესახებ, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ისევ გრძელდებოდა და სისტემატიური ხასიათი მიიღო. საუბარია, იმაზე რომ სამუშაო დროს და რესურსებს იყენებდა საარჩევნო კამპანიისთვის პარტიის სასარგებლოდ, რაც კანონით დაუშვებელია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ კაპანაძე ახდენდა თანამშრომლებზე ზემოქმედებას და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. ამ მიზეზების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან ბატონი გელას გათავისუფლების შესახებ,“ განაცხადა ონიაშვილმა მედიასთან.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ დარღვევაზე 28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. საჩივარი სამუშაო საათებში საარჩევნო საქმიანობაში გელა კაპანაძის  სავარაუდო მონაწილეობის ფაქტს ეხება.

კაპანაძემ ონიაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და აღნიშნა რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ის სასამართლოში აპირებს დავის გაგრძელებას და ამის პარალელურად გეგმავს, საჯარო გახადოს გამგებლის სამივლინებო და სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რადგან ეჭვი აქვს, რომ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდებოდა გამგეობაში.

„მე მოვითხოვე სამივლინებო და სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, რამაც ონიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და შედეგიც სახეზეა. ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში არ არის განმარტებული, რის საფუძველზე ვარ დათხოვნილი სამსახურიდან. ერთადერთი საფუძველი  ჩემი გათავისუფლებისა არის ის ფაქტი, რომ მე ვარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი და ვარ ბატონი ონიაშვილის, ,,შენების მოძრაობის“ კანდიდატის პოლიტიკური კონკურენტი“, – განაცხადა კაპანაძემ.

თუ შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კამპანიები უხმაუროდ მიმდინარეობს, გორში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ადგილობრივი დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ არჩევნების დღეს დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ გორი იქნება. ვინ იმარჯვებს და ვინ გახდება გორის თუ დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის თავი, ამას 15 დღეში, 21 ოქტომბერს, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი არჩევნით გადაწყვეტს.