ზაზა გაბუნიამ თემქაზე სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

1533

პარლამენტის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის გამგეობაში განუცხადეს, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული, ძირითადი რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და კომპლექსის მოპირკეთება მიმდინარეობს.

მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსებული იქნება დიდი და საშუალო ზომის საცურაო აუზები, სხვადასხვა სახეობის სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო, საუნა და ღია ვერანდა, სადაც კაფე-ბარი მოეწყობა.

“გასულ წელს ამომრჩეველს დავპირდი, რომ თემქას ექნებოდა საცურაო აუზები, სპორტული სახეობების არენები, სატრენაჟორო დარბაზი და მოხარული ვარ, რომ წლისთავზე სპორტკომპლექსის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მალე მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს ჩავაბარებთ”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თემქაზე სპორტული კომპლექსის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

წყარო: ინეტრპრესნიუსი