“ერთობა – ახალი საქართველო” ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანმდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს

729

„ქართული ოცნება“ აგონიაშია და ხმების მოსაგროვებლად ბაღის თანამშრომლებს იყენებს, – ამის შესახებ ნათქვამია “ერთობა – ახალი საქართველოს” განცხადებაში, რომელსაც პარტია ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის პირდაპირი და უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს. პოლიტიკური პლატფორმა ცესკო-სა და პროკურატურისგან ფაქტის დაუყონებლივ შესწავლას და მასზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

„ნაცვლად იმისა, რომ აღმზრდელები ზრუნავდნენ ბავშვების განათლებაზე და ცოდნის მიღებაზე, ისინი დაკავებულები არიან ადამიანების მობილიზებით და სიების შედგენით, რათა შეინარჩუნონ თანამდებობები. ამაზრზენია, როცა მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენისთვის მსგავს მეთოდებს იყენებს. მოვითხოვთ დაუყონებლივ დაიწყოს მოკვლევა როგორც საქართველოს პროკურატურამ, ასევე ცესკო-მ, რადგან ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. დაუშვებლად მიგვაჩნია საარჩევნო კამპანიაში ადამიანების იძულებით ჩართვა. შესაბამისად, მოვითხოვთ დაკავებული თანმდებობიდან გათავისუფლდეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი“, – ნათქვამია “ერთობა- ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცახდება “სტუდია მონიტორის” გამოძიებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ,  თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. აღნიშნული სია მათ ახლობლებისა და თანამშრომლების დახმარებით მოაგროვეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი