პრემიერის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს

680

შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო თუშეთში მისასვლელი ერთადერთ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეფერხებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.

ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი, რომლის სიცოცხლეს, ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება, მაშველების დახმარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.

თუშეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ნებისმიერი სახის შესაძლო შეფერხება თავიდან იყოს აცილებული.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე – უცხოელი ვიზიტორების მზარდი რიცხვის ფონზე, თუშეთში კომფორტული და უსაფრთხო მოგზაურობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის  სეზონის მსგავსად, წლევანდელი ზამთრის მანძილზე, ყოველკვირეულად, რეგულარულად იფრენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.