ნინა ხატისკაცი: დედაქალაქის მერისგან პასუხების მიღება გაცილებით უფრო ცივილური მეთოდებით შეიძლება

897

თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა თბილისის მერიის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე განვითარებულ მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აქციის შედეგად მერიის ინფრასტრუქტურა, კერძოდ შეზღუდული შესაძლებობის პირებისთვის მერიის შესასვლელის ადაპტირებული ნაწილი დაზიანდა, ასევე განადგურდა ნარგავები. ხატისკაცმა საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო დღეს მერიაში შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები დახმარების გარეშე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.

როგორც ხატისკაცმა აღნიშნა,  დედაქალაქის მერისგან პასუხების მიღება გაცილებით უფრო ცივილური მეთოდებით შეიძლება.

„გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაზიანდა მერიის შესასვლელი, სრულიად განადგურდა ნარგავები, ასევე მერიის შესასვლელის ადაპტირებული ნაწილი. რა თქმა უნდა, იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია. დეტალები ალბათ უნდა გავარკვიოთ, იმიტომ რომ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას, შესაბამისი უწყებები შეეცდებიან შენობა და შესაბამისად სტრუქტურები დაიცვან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიალოგი საჭიროა, კითხვების დასმა საჭიროა. არსებობს გაცილებით უფრო ცივილური ფორმა. დარწმუნებული ვარ ეს გზები მოინახება. გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით მე ვნახე ძალიან ბევრი შედეგობრივად გაფუჭებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი