ზაალ უდუმაშვილი: ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე, ”ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმში გადადის

765

”ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმში გადადის, – ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა დღეს გამართული აქცია და მისი შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ქონება 1 ლარად გადაეცეს.

”დღეს მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა თუ რას პასუხობს ”ქართული ოცნების” ხელისუფლება თბილისელებს. ისევ პოლიცია, ისევ ზონდერჯგუფები, ისევ სუსი და ანგარიშსწორება თბილისელებზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, უარი თქვას მერიამ იმ გადაწყვეტილების აღრსრულებაზე, რომელიც პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და გაჩუქებას გულისხმობს. ჩვენი 6 თანამებრძოლი არის დაკავებული, მათგან ორი, გიორგი რუხაია და ლაშა ჭიღლაძე პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმის გამო, რომ მათ დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველები. ”ნაციონალური მოძრობა“ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ კანონით არსებულ ყველა მეთოდს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს. ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე და ყოველდღიურად ვიბრძოლებთ, რათა თბილისმა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და არ მოხდეს მისი გაჩუქება ბიძინა ივანიშვილზე”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერიასთან დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. დაკავებულია 6 პირი.

თავის მხრივ, დღის ბოლოს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ,,ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად დაზიანებულია პანდუსი და მწვანე ნარგავები.

წყარო: ინტერპრესნიუსი