გიორგი კვირიკაშვილი – “ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმისა და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი ადამიანია

528

“ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმის და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი ადამიანია! – აღნიშნული განცხადებით ”ქართული ოცნების” ლიდერი, მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებას ეხმაურება.

“დღეს 1-ელი ოქტომბერია – გამარჯვების დღე! დღე, როცა ადამიანებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში! დღეს, მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს პერსპექტივა, ქვეყნის წარმატება. სწორედ ამ ხედვის, ამ ღირებულებების, ამ პრინციპის გარშემო გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და ხალხთან ერთად გავიმარჯვეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს. “ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმის და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი, ადამიანია! ჩვენ ხალხთან ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს – განვითარებულ, ერთიან, პროგრესულ ქვეყანას, თანამედროვე განათლებით, წელში გამართული სოფლით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. და ეს იქნება ბედნიერი და სიყვარულით გამთლიანებული საქართველო. მე მჯერა ჩემი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წინსვლის და წარმატებული მომავლის”, – ნათქვამია პრემიერის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი