ალეკო ელისაშვილი: მე არ ვიბრძვი მეორე ადგილისთვის, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი

720

მე არ ვიბრძვი მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილისთვის, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი, ოპოზიციონერები, რომლებიც ახლა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რეალურად აჩვენებენ, რომ მათ მეორე ადგილი სურთ, ეს ძალიან არაეფექტური და არასწორია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, საკრებულოს უკვე ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ელისაშვილმა კოლეგებს და განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე დატოვონ საკრებულო.

„განსაკუთრებით ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომლებიც მაკრიტიკებენ. მე მესმის, რომ ყველა ოპოზიციონერი და ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძვის. მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი. მე მათ მინდა ვუპასუხო, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძვი. შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ მათი დარაზმვა არასერიოზულად მიმაჩნია. პირიქით, ისინი ახლა მე უნდა დამიდგნენ მხარში ამ გადაწყვეტილებისას, უნდა ვაჩვენოთ, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოში მარტო რჩება და რჩება ერთი კაცის მომსახურე ბიუროდ. თუ კარგად გაიაზრებენ ჩემი კოლეგები, რაზეც ვსაუბრობ, მაშინ კრიტიკაზე უარს იტყვიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი