რა არის OGP და როგორ ემზადება საქართველო გლობალური სამიტისთვის

„ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო OGP -ის 2011 წლიდან შეუერთდა. წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

რა არის OGP, რა ვალდებულებებს ანიჭებს ის საქართველოს ხელისუფლებას, ამის შესახებ ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ წარმომადგენელი და ღია მმართველობის პროექტების ხელმძღვანელი, ანანო ცინცაბაძე გვესაუბრება.

– „ღია მმართველობის პარტნიორობა“ არის პარტნიორობის პროგრამა, რომელშიც სახელმწიფოები, ერთმანეთთან პარტნიორობით და, ამასთანავე, დამოუკიდებლად, ცდილობენ, კონკრეტული რეფორმები განახორციელონ თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. პარტნიორი ქვეყნები ანგარიშვალდებულები არიან ერთმანეთის მიმართ და მათ წარუდგენენ ანგარიშს იმ რეფორმების შესახებ, რაც განახორციელეს ან ვერ განახორციელეს, მაგრამ „ღია მმართველობის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ის, რომ ქვეყნები მათი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ახორციელებენ ამ პარტნიორობის ფარგლებში გარკვეულ რეფორმებს.

– რა ტიპის რეფორმების განხორციელებაზე იღებენ ქვეყნები ვალდებულებებს და რა ვალდებულებები გააჩნია კონკრეტულად საქართველოს?

– OGP-ის ქვეყნები შეიკრიბნენ იმ იდეით, რომ სახელმწიფო მმართველობა უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მოქალაქეების ჩართულობით. ამასთან, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ისეთ საკითხებზე, რომელიც მოქალაქეებს რეალურად აწუხებთ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიემართება. ამიტომ OGP-ის ფარგლებში 4 ძირითადი პრინციპი დადგინდა: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნიკური განვითარება. სახელმწიფოებმა თქვეს, რომ ღია მმართველობის მონაწილე პარტნიორი სახელმწიფოები, ამ ოთხ პრინციპზე დააფუძნებენ სხვადასხვა ვალდებულებებს, რომელსაც შეიტანენ სამოქმედო გეგმებში და შემდგომ დაისახავენ ვადას ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ვალდებულებების შესრულებას OGP-ის მმართველი კომიტეტი, რომელიც ვაშინგტონიდან მუშაობს, შეფასების სპეციალური მექანიზმის მეშვეობით აფასებს, თუმცა, მთავარი და მნიშვნელოვანი მოტივატორი არის ის, რომ სახელმწიფო თავის თავს გარკვეულ ჩარჩოში სვამს, თვითონ იღებს ამ ვალდებულებებს და ასრულებს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის თანამშრომლობის კარგი ფორმატი. ჩვენ ვიცით, რომ არასამთვრობო ორგანიზაციები არიან საექსპერტო ორგანიზაციები, ისინი გარკვეულ თემაზე სიღრმისეულად მუშაობენ, ამიტომ მათ აქვთ ცოდნა და უნარი, სახელმწიფოს უთხრან, სად არის პრობლემები და რეფორმა გასატარებელი. ამიტომაც შეიქმნა კონკრეტული მექანიზმები – ფორუმები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მთავრობა ერთად სხდებიან და განიხილავენ იმ საკითხებს, რომელიც  რეფორმირებას საჭიროებს. ამის შემდგომ მთავრობა იყენებს „ღია მმართველობის პარტნიორობას“, როგორც მექანიზმს, და ამ რეფორმებს ახორციელებს.

– 2012 წლიდან ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად დაიწყო OGP-ის საკითხებზე მუშაობა. იყო გარკვეული დაპირებები და აქტივობები. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავდაპირველად ძალიან მოწადინებული იყო იმისათვის, რომ პარტნიორობის ფარგლებში ბევრი კარგი რეფორმა განეხორციელებინა, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა. რეალურად, რა შედეეგი გვაქვს დღეს, რა პრობლემებს აწყდებით და რამდენად ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რაც პარტნიორობის ფარგლებში აიღო?

– გვაქვს მიღწევებიც და ჩავარდნებიც, რაზეც აუცილებლად უნდა ვიპალარაკოთ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც OGP-ის მეშვეობით სახელმწიფომ განახორციელა, იყო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეფორმა. სწორედ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვალდებულება იყოს ის, რომ სახელმწიფო ორგანოებმა პროაქტიულად დაიწყეს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. დღეს ნებისმიერი სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება და ჩვენ ამ ინფორმაციაზე ხელი მიგვიწვდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, შემუშავდა ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი დღემდე მიღებული არ არის და მისი მიღება ყოველწლიური გეგმიდან გეგმაში გადადის.

– რა არის ამის მიზეზი?

– ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი აქამდე პოლიტიკური ნების არარსებობა იყო, თუმცა, ახლა უკვე არაერთ ფორუმზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გვიცხადებენ, რომ ამ კანონის მიღების პოლიტიკური ნება არსებობს და საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ კანონს. თუმცა, აქამდე იუსტიციის მინისტრსაც არაერთხელ განუცხადებია ეს პირობა, მაგრამ შესრულებული ჯერაც არ არის.

საქართველოს ძალიან დიდი წარმატება იყო ისიც, რომ შევიმუშავეთ და მივიღეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი. თვითონ OGP-ის სამდივნო საქართველოს ძალიან დიდ წარმატებად უთვლის იმას, რომ ქვეყანამ უკვე დაიწყო ფარული მიყურადების შესახებ სასამართლოების სტატისტიკის გამოქვეყნება და თქვენ შეგიძლიათ, ვებგვერდზე ნახოთ, თუ რამდენ ფარულ მიყურადებაზე გაიცა თანხმობა. მიმდინარე მიმდინარე სამოქმედო გეგმით, დაგეგმილია ამ ინფორმაციის რეგიონებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით გამოქვეყნება, რასაც, იმედია, საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს.

– ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, გამჭვირვალობის ხარისხი, 2012-2013 წლებთან შედარებით, შემცირებულია და თუნდაც იმავე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ტექნიკური ვალდებულების შესრულებას დაემსგავსა. არ მეთანხმებით?

– კრიტიკა OGP-ის მიმართ ყოველთვის სამ მთავარ საკითხზე მიემართება. ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ქვეყნები ცდილობენ, უფრო მეტად ტექნიკური ვალდებულებები აიღონ, როგორიცაა, მაგალითად, აპლიკაციის შექმნა, ვებგვერდზე ინფორმაციის და სტატისტიკის გამოქვეყნება და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია იკვეთება სხვა ქვეყნებშიც და, ცხადია, საქართველოშიც. სამწუხაროდ, ქვეყნები ტრანსფორმაციული ვალდებულებების აღებას თავს არიდებენ.

მეორე პრობლემა არის ის, რომ ქვეყნები ახალ ვალდებულებებს აღარ იღებენ. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს. ამის შესახებ ქვეყნის შეფასების დოკუმენტშიც წერია. სახელმწიფო უკვე განხორციელებულ, თითქმის ბოლოში მისულ რეფორმებს სვამს სამოქმედო გეგმაში და შემდგომ ისინი, ბუნებრივია, სრულდება, ახალ ვალდებულებებს კი არ იღებს. ვფიქრობ, რომ OGP უნდა გართულდეს და ის  მთავრობისთვის არ უნდა იყოს ასე მარტივად შესასრულებელი.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ვიწროა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წრე, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ეს არის ფორმატი, რომლის გამოყენებითაც მესამე სექტორს შესაძლებლობა ეძლევა, ხალხის პრობლემები ხელისუფლებამდე მიიტანოს და მათი გადაწყვეტის გზები ხელისუფლებასთან ერთადვე მონახოს.

– ხელისუფლებას რატომ არ უნდა ახალი ვალდებულებების აღება, შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ რატომ არ იყენებს ამ პლატფორმას არასამთავრობო სექტორი უფრო აქტიურად?

– მაგალითად, OGP-ის დღის წესრიგში არსად გვხვდება სოციალური დაცვის დღის წესრიგი, ან გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარებისა თუ ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი, ანუ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც რეალურად აწუხებს დღეს მოსახლეობას. OGP, გარკვეულწილად, აღიქმება, როგორც ერთი მიმართულებით მაყურებელი პროგრამა, რომელიც მხოლოდ ანტიკორუფციულ და გამჭვირვალობის რეფორმებს ატარებს. ამიტომაც ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა საკითხებზე მუშაობენ, თვლიან, რომ ის არ შედის მათი ცოდნისა და ექსპერტიზის სფეროში. OGP-ის უნდა, რომ საქმიანობა გააფართოვოს, ამიტომ მან გამოსცა სტრატეგიის გადახედვის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ უნდა გაფართოვდეს ჩართული პირების რაოდენობა და ამ პირებმა უნდა შემოიტანონ ახალი თემები. OGP, მაგალითად, გვთავაზობს, რომ მოხდეს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების ინტეგრაცია. გაეროს მდგრადი განვითარების გეგმა პირდაპირ მიემართება სიღარიბის აღმოფხვრისკენ. თუ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და სამოქმედო გეგმაში გაიყვანს, შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რეფორმის გატარება. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების განვითარება, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.

– ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ. OGP-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. ყველაზე მეტად მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში უნდა ხდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ „თვითმმართველობის კოდექსში“ არსებობს ჩართულობის ცალკე თავი, ადგილობრივი ხელისუფლებები ამ მიმართულებით მაინცა და მაინც არ აქტიურობენ. OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებები თუ ვრცელდება ადგილობრივ ხელისუფლებებზე?

– სამწუხაროდ, ეს ვალდებულებები უფრო მეტად ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება და ადგილობრივი თვითმმართველობები ნებაყოფლობით ერთვებიან პროგრამაში, თუმცა, OGP-იმ შეიმუშავა საპილოტე პროგრამა ქალაქებისთვის და თბილისმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს ამ პროგრამის განხორციელებაში. დედაქალაქის ხელისუფლებამ ხუთი ვალდებულება აიღო და ის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისკენაა მიმართული. დღეს მერიის და საკრებულოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეები არათუ არ არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, არამედ მათი ინფორმირების დონეც კი ძალიან დაბალია. ზოგჯერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის თქვენი სახლის გვერდზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მიიღება სამეზობლო თემების დაუკითხავად და მათი ჩართულობის გარეშე. მერიამ, ფაქტობრივად, დადო პირობა, რომ OGP-ის ფარგლებში ამას გამოასწორებს. მან უკვე შეიმუშავა ძალიან მარტივი და მოსახერხებელი ინტერაქტიული რუკა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები არა მხოლოდ მიიღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ სხდომის დღის წესრიგის შესახებ, არამედ უშუალოდ შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ ამ სხდომებში, მიიღონ ინფორმაცია გადაწყვეტილებების შესახებ, განიხილონ სხვადასხვა საკითხები, დააფიქსირონ პრობლემები და ა.შ.

მნიშვნელოვანი ვალდებულება, რაც თბილისმა ასევე აიღო, არის მონაწილეობითი ბიუჯეტის შედგენა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტი შედგეს მოქალაქეების მონაწილეობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

– თუმცა, ეს ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს „თვითმმართველობის კოდექსითაც“ აქვთ და მაგალითად, გორსა და მარნეულში მონაწილეობითი ბიუჯეტის პრაქტიკა უკვე დაინერგა.

– დიახ, ნამდვილად აქვთ. მერია ფიქრობს, რომ გააკეთებს კონკრეტულ კანონქვემდებარე აქტს, რომლითაც უკვე  გაწერს იმ ტექნიკურ დეტალებს, თუ როგორ უნდა ჩაერთონ მოქალაქეები ბიუჯეტის შემუშავებაში. ეს კარგი გეგმები მერიას დეკლარირებული აქვს. ვიცით, რომ რამდენიმე პლატფორმა, რომელზეც ახლა ვისაუბრე, მომზადებულია და შიდა სატეტსტო რეჟიმში მუშაობს. OGP-ის ფარგლებში თბილისის მერიას ჯერ კიდევ აქვს ვადა, რომ ეს სერვისები ჩაუშვას. იმედი გვაქვს, რომ დეკემრისთვის ყველა ეს პლატფორმა ამუშავდება და მოქალაქეების ჩართულობა ამაღლდება.

წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც უფრო მეტ ვალდებულებებს ანიჭებს სახელმწიფოს. ამასთან, საქართველოში უნდა ჩატარდეს გლობალური სამიტი. როგორ მიმდინარეობს მზადება სამიტისთვის და რა მოლოდინები გაქვთ?

– OGP-ის თავმჯდომარეობა აკისრებს ქვეყანას ვალდებულებას, იყოს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის, აიღოს არა ყოველდღიური, არამედ რეალურად ტრანსფორმაციული ვალდებულებები, რომელიც შემდგომში სხვა ქვეყნებისთვის სახელმძღვანელო გახდება. ამიტომ საქართველოს ახლა უდგას ის პერიოდი, როცა უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

რაც შეეხება გლობალურ სამიტს, ეს არის ღონისძიება, რომელსაც თავმჯდომარე ქვეყანა ატარებს და რომელშიც 75 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები მონაწილეობენ. ამ სამიტზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაც. ამდენად მისი ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა ინფორმაცია, საქართველო აპირებდა თუ არა გლობალური სამიტის ჩატარებას. იყო საუბარი, რომ მხოლოდ რეგიონალური სამიტით შემოიფარგლებოდნენ, ვინაიდან ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. გასულ კვირას ჩვენ უკვე დაგვიდასტურეს, რომ 2018 წლის ივნისში ჩატარდება გლობალური სამიტი. OGP-იში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს მთავრობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს. ამ პერიოდში საქართველო იქნება მაღალი ყურადღების ცენტრში და ქვეყანამ ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტრო ამ ეტაპზე გარკვეული ინფორმაციის მოძიებით არის დაკავებული იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, ვინ უნდა დაპატიჟონ, რა დაჯდება სამიტი და ა.შ.

– ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ხართ?

– ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ არა მხოლოდ ორგანიზებაში გვინდა ვიყოთ ჩართული, არამედ რამდენიმე ღონისძიების ინიცირებაც გვინდა, თუმცა, როგორც გითხარით, ვინაიდან ჯერ მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით არიან დაკავებული, ასეთი შეთავაზება არ მიგვიღია.

– რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერობის კანდიდატებს შესთავაზეთ, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომლითაც დედაქალაქში OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე თანხმობას განაცხადებენ. რა გამოხმაურება გაქვთ და აპირებენ თუ არა კანდიდატები ხელის მოწერას?

– ჩვენ შევადგინეთ დეკლარაცია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებს შევთავაზეთ. დეკლარაციაზე ხელმოწერით მათ უნდა აიღონ ვალდებულება, რომ დაასრულებენ მოქმედ საპილოტე პროგრამას და აიღებენ ახალ ვალდებულებებს.

– ეს ერთგვარი დაცვაც არის იმ გეგმების გასაგრძელებლად, რაც მერიას უკვე დასახული აქვს…

– ნამდვილად. თავად OGP-ის სამდივნოც ამბობს, რომ ნებისმიერი არჩევნები არის გარკვეული საფრთხე OGP-ისთვის, ვინაიდან ეს არ არის სავალდებულო კანონის ძალის პროგრამა და მთავრობები საკუთარი ინიციატივით იღებენ ვალდებულებებს. ამიტომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მოსვლა შესაძლებელია იყოს საფრთხე, რომ მან აღარ გააგრძელოს OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება. ჩვენ შევეცადეთ, კანდიდატებთან ადვოკატირება გაგვეწია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომ მისი გამოყენება კიდევ უფრო უკეთ შეიძლება, ვიდრე ის დღეს მიმდინარეობს და ვთხოვეთ მათ, რომ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაეფიქსირებინათ საკუთარი პოლიტიკური ნება. კანდიდატების ნაწილისგან გამოხმაურება მივიღეთ, რამდენიმეს კიდევ ველოდებით. ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია და საზოგადოებას შევატყობინებთ, კონკრეტულად ვინ მოაწერა ხელი, ვინ – არა.

მსგავსი სიახლეები