ელენე ხოშტარია: 1 ოქტომბერი, რომელიც იყო მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის და მიტაცების დღედ

545

1-ელი ოქტომბერი, რომელიც იყო მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ – გაცურების, მიტაცების დღედ – ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ!, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პუშკინის სკვერში განაცხადა, სადაც შეკრებილებმა მიწის ნაკვეთებზე ზონალური სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ხოშტარიას თქმით, 21 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობამ უნდა აირჩიოს მერი, რომელიც იქნება არა ქალაქის მფლობელი, არამედ ქალაქის მსახური.

ხოშტარიამ პუშკინის სკვერში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, რომ ისინი მივიდნენ არა მის საარჩევნო შეხვედარზე, არამედ საკუთარი ქალაქის დასაცავად.

”არავის დავუთმობთ ამ ქალაქს. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მიწები ლარად და „კაპიკებად“ მიიტაცონ. ასე თავხედურად, ასე უტიფრად გამოწკეპილები დადიოდნენ, ადამიანებს უჭირდეთ, ადამიანები შიმშილობდნენ და მილიარდერები ლარად იტაცებდნენ მიწებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ვერც ერთი ზონდერი, მოძალადე და მილიარდერი ვერ გააჩერებს პროტესტს, რადგან სიმართლე არის მათ მხარეს.
„ხუთი წლის წინ ჩვენს ხელისუფლებას ხალხმა სამართლიანად უთხრა: წადით სახლში, რაღაც გააკეთეთ, შეგეშალათ, ახლა წადით სახლში! მაშინ ბევრად უფრო ძლიერი იყო წარმოდგენა, რომ ხელისუფლებას ვერავინ მოერეოდა. დიახაც, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩვენ ავბრძანდით და წავედით სახლში იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო უკეთესობა. ხალხს ჰქონდა მოლოდინი. არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ მივიდნენ, არამედ მივიდნენ იმიტომ, რომ უკეთესის მოლოდინი ჰქონდათ. მივიდნენ იმისთვის, რომ უკეთესი ცვლილებები ყოფილიყო ქალაქში. ეს დღე, რომელიც არის მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ – მოტყუების, გაცურების დღედ, მიტაცების დღედ, ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ”, – განაცხადა გუშინ ელენე ხოშტარიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი