გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი წლიდან რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა დაიწყება

814

მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა.

პრემიერმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც ქვემო ქართლში ხორციელდება.

”ქვემო ქართლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი ასევე, გავეცით მესაქონლეობისა და მეცხვარეობის განვითარებისთვის. ჯამში, ქვემო ქართლში, სახელმწიფოსგან 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ მიმართულებით; 2 მილიონ ლარზე მეტი გავეცით მებაღეობის განვითარებისთვის, „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროგრამის შედეგები, რა თქმა უნდა, თანდათან უფრო ხელშესახები გახდება.

დავამტკიცეთ ორი პროექტი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რისთვისაც 325 ათასი დოლარი გაიცა. ასევე, ორი პროექტი განხორციელდა შემნახველი საწარმოებისთვის, რისთვისაც 250 ათასი დოლარი და 500 ათას ლარზე მეტი რესურსი გაიცა. დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა.

მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვემო ქართლში ხორციელდება და რომელთა შედეგებიც პირდაპირ აისახება რეგიონში დასაქმებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე – რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა.

თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებაზე, გრძელდება თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა. უკვე დასრულებულია ერთი ნაწილი, რომლის ღირებულება 95 მილიონ ლარზე მეტია. ახლა მიმდინარეობს ამავე მონაკვეთის მეორე ნაწილის მშენებლობა, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარამდე გახლავთ.

მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 285 მილიონი ლარი იქნება.

რეგიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი – ქვესადგური „მარნეული 500“, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი დოლარი გახლავთ. ეს ქვესადგური, საგრძნობლად გააუმჯობესებს თბილისისა და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებასა და ენერგოუსაფრთხოებას.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ წლების განმავლობაში, ქვემო ქართლში, 90 მილიონი ლარის ღირებულების ადგილობრივი გზები გაკეთდა. ბოლო ორ წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა საბავშვო ბაღების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის; 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა – საცხოვრებელი კორპუსების გადახურვაში; 3 მილიონზე მეტი ლარი – სპორტული მოედნების კეთილმოწყობაში.

მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის და ხორციელდება აგრეთვე, ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომელიც განკუთვნილი იქნება წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის და რომლის ღირებულება 11 მილიონი ევრო იქნება.

სასიხარულოა, რომ რუსთავი უკვე საგანმანათლებლო კუთხითაც მიმზიდველი ქალაქი გახდა. გასულ წელს, აქ გაიხსნა სამედიცინო პროფილის, უკვე საერთაშორისო მასშტაბით საყოველთაოდ აღიარებული, დავით ტვილდიანის სამედიცინო-სასწავლო ცენტრი. ეს არის თანამედროვე, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, რომელშიც 6 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, ემსახურება რეგიონების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის გაზრდას. ძლიერი რეგიონების გარეშე საქართველოს სიძლიერე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ყველა ეს, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს, გაგრძელდეს, შეფერხება არ შეექმნას და ჩვენმა ქვეყანამ დიდი სიჩქარით წაიწიოს წინ ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთხელ ერთად დგომა და სწორი ადამიანების არჩევა, იმისთვის, რომ ამ სწორმა ადამიანებმა 24 საათის განმავლობაში იზრუნონ ამ რეგიონის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი