კუმურდოში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები ახალქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს

836

ახალქალაქის საავადმყოფოში პოლიციის 4 თანამშრომელი შეიყვანეს, მათ შორის, პოლიციის უფროსი. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთს მოტეხილობა აქვს.

რაც შეეხება კუმურდოს მოსახლეობას, მათგან საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს. თუმცა, jnews.ge-ს ცნობით, დაზიანებები მიიღეს სოფლის მცხოვრებლებმაც. დაშავებულებს დაზიანებები, ძირითადად, ქვებისა და სხვადასხვა საგნების სროლისგან აქვთ მიღებული. ამ დროისთვის უცნობია, ჯამში რამდენი ადამიანია დაშავებული.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც ადგილზე ჩავიდა და მოსახლეობასთან მოლაპარაკება აწარმოა, კუმურდო უკვე დატოვა. მოლაპარაკებებისას შს მინისტრი და ადგილობრივები შეთანხმდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ, სპეცრაზმი სოფლიდან გავა და მოსახლეობაც დაიშლება. თუმცა, ადგილზე დარჩებიან ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები.

დაპირების მიუხედავად, სოფლის მოსახლეობა ამ დრომდე არ იშლება. ისინი ელოდებიან, როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს.

სოფელ კუმურდოში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. ეკლესიის ეზოში, ადგილობრივებს ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა და ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით კუმურდოს მე-10 საუკუნის ტაძარი ცალსახად მართლმამიდებლურია და მის სტატუსზე დავა არასდროს ყოფილა. ანთიძის თქმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რესტავრაცია 2014 წლიდან უტარდება და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ანთიძე კუმურდოში ამ დრომდე იმყოფება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა და ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. 

“დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

წყარო: jnews.ge

ფოტო: jnews.ge