სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

559

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპლუატაციის ფარგლებში ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2-კილომეტრიანი მაგისტრალური არხი.

„სამუშაოების დასრულების შედეგად, მუცინიპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს. მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

2012-2017 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ფარგლებში ჯამში გაიწმინდა და მოწესრიგდა 894,4 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი