კოტე შარაშენიძე: ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საწყენია

993

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე  შარაშენიძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე შარაშენიძემ პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ პარტიიდან გარიცხვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არცერთ საჯარო თუ პირად შეხვედრაზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ,,ქართულ ოცნების“ კანდიდატი.

,,მხოლოდ ჩემი პირადი რესურსის და მხარდამჭერების იმედი მქონდა. ვერ და არ დავეყრდნობი პარტიულ რესურსს. მე ვარ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი, სახალხო კანდიდატი, რაც ძალიან კარგად იცის ოზურგეთის ამომრჩეველმა. არცერთ, არც საჯარო და არც პირად შეხვედრაზე არ მითქვამს, რომ ვარ პარტია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი, დღეს ვერავინ შეიყვანს ამომრჩეველს შეცდომაში და ვერც მოატყუებს. რა თქმა უნდა, პარტია ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საწყენია, რადგან უმნიშვნელოვანესი წვლილი მაქვს შეტანილი პარტიის დაფუძნებასა და 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებაში. ეს იცის ყველამ და ამის გახსენების უფლებაც მაქვს. ამას ვერავინ წამართმევს. გარიცხვა არ არის ჩემთვის გადამწყვეტი, რადგან მე არ ვიყენებ პარტიულ რესურსს ამომრჩეველთან ურთიერთობისათვის, ამაზე იმათ იდარდონ, რომელთაც პარტიული მხარდაჭერის და რესურსის გარდა არაფერი დარჩათ. ისიც ვიცი, რომ უნდა ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან ოზურგეთის საკეთილდღეოდ” – აღნიშნა შარაშენიძემ.

წყარო: გურიანიუსი