ISFED : დღევანდელი საფეხბურთო მატჩი კახა კალაძის მონაწილეობით, აგიტაციის წესების დარღვევის რისკებს შეიცავს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) შეფასებით, დღეს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მონაწილეობით, აგიტაციის წესების დარღვევის, ადმინისტრაციული რესურსისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს შეიცავს. 

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძე ყველა კანდიდატს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

„დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით არის რამდენიმე დარღვევის საფრთხე. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება თვითონ მატჩის მიმდინარეობა, მაგრამ, ერთი მხრივ, ცხადია, აქ იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ადამიანურიც, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ამ მატჩის ორგანიზებაში ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ამას გარდა, ასევე არის საფრთხე, უკანონო აგიტაციის და უკანონო შემოწირულობის სახე მიიღოს ამ მატჩმა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობა. ის ფეხბურთელები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, შეიძლება ჩაითვალონ, რომ მონაწილეობენ აგიტაციაში და ეს არის წესების დარღვევა. ეს აქტივობა, თუკი აღქმული იქნება როგორც საარჩევნო აგიტაცია, შესაძლოა წარმოადგენდეს ასევე უკანონო შემოწირულობას და ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ კანდიდატს, რომ ზოგადად საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“, რომელშიც ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები სტუმრობენ, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები. მატჩში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძეც.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები