ცენტრალიზებული მიდგომა დეცენტრალიზაციის ნაცვლად – მოხელეთა მობილობა მუნიციპალიტეტებში

930

ავტორი:

კოკა კიღურაძე მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 სექტემბერს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26  ივლისის №1251-რს  საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაამტკიცა დადგენილება №417 „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“. დადგენილებით განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის შერჩევის, კომისიის  შექმნის, მოხელის შეფასების წესი და ვადები.

კომისიას აკომპლექტებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის შერჩევა შემდეგი პროცედურით განისაზღვრა:

  • მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
  • სამინისტრო ამ კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს;
  • კომისიის თავმჯდომარე ინიშნება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის საფუძველზე.

კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით არსებობს ორი დაშვება, ის:

  • არ შეიძლება იყოს პოლიტიკურითანამდებობის პირი;
  • შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დასაქმებული მუნიციპალიტეტისშესაბამის ორგანოში.

კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს  კომისიის თავმჯდომარე,

თუმცა, შეmდეგი დადგენილი წესის შესაბამისად: კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი ან/და დამოუკიდებელი, მოწვეული სპეციალისტი.

შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. შეფასებისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის, ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დახასიათება.

მოხელის გასაუბრების პროცესს ესწრება მოხელის უშუალო ხელმძღვანელი. მიმდინარე შეფასება უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

რა  დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ მთავრობის მიერ მიღებულ აღნიშნული დადგენილებიდან:

  • უნდობლობა კონკურსის შედეგებთან მიმართებით – 2014-2015 წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესით და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ჩატარდა მოხელეთა კონკურსი და დღეს მომუშავეთა აბსოლუტური უმრავლესობა კონკურსგავლილია. მათ დააკმაყოფილეს როგორც მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე, გაიარეს გასაუბრება ისეთ კომისიასთან, რომელიც დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო, პროფესიული კავშირების წარმომადგენლებით. ხოლო ამ წესის შესაბამისად, მათ შეფასებას განახორციელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული და, ფაქტობრივად, დახურული კომისია. მთავრობას თავისუფლად შეეძლო, მობილობის წესის გამოყენებისას გამოეყენებინა მოხელეთა კონკურსის შედეგები;
  • ცენტრალიზებული მიდგომა დეცენტრალიზაციის ნაცვლად – კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა თანხმდება ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და შემდეგ ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიურო, ხოლო ასეთი მაღალი ცენტრალიზების პირობებში დანიშნული თავმჯდომარე დახურულ პროცესში აყალიბებს ასევე კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ მოხელის უშუალო უფროსის მიერ გაცემული მოხელის შეფასება მისთვის, ძირითადად, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ის ესწრება, ასევე, გასაუბრების პროცესს მაგრამ მისი პროცესში მონაწილოება საერთოდ არ არის გათვალისწინებული;
  • შეფასების პროცესში ვერ იღებს მონაწილეობას არჩეული მერი და სხვა თანამდებობის პირები – ზოგადად, აუციელებლია, ქვეყანა გადავიდეს პროფესიულ საჯარო სამსახურზე და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა არ უნდა აისახებოდეს ადმინისტრაციაზე. თუმცა, ჯერ კიდევ იმ პროცესში ვართ, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელები საკუთარი კადრებით მიდი-მოდიან. რეალურად, ეს არის პროცესი, სადაც ადგილობრივი წამსვლელი პოლიტიკური გუნდი და ცენტრალური ხელისუფლება ადმინისტრაციას უმზადებს მომავალ ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა, ასევე ბუნდოვანია, რა ხდება/ან მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ გაითვალისწინებენ, უარს იტყვიან მობილობაზე. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, თავიდან გამოცხადდება კონკურსები.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მთავრობის ეს დადგენილება უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს სცემს ცალკეულ საკითხებზე. მომავალ მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს საკუთარ სამუშაო მაგიდაზე დახვდებათ ცენტრალური ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის კომისიის გადაწყვეტილებები და მომავალი გვიჩვენებს, რამდენად შეუდგებიან მოსახლოების რჩეულები ამ გადაწყვეტილებების განუხრელად აღსრულებას. მათ კონკრეტულ დისკრეციას აძლევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. ანუ  არის შესაძლებლობა და არა ვინმეს ვალდებულება, რასაც ადასტურებს მე-2 პუნქტიც, რომ მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ: 

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას არჩევნებამდე გაივლიან 

საია: გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება მიზანშეუწონელია