“ქალაქის და თემის გაერთიანებამ ამ დაწესებულებაში მუშაობის სურვილი დამიკარგა” – თელავის გამგეობის თანამშრომლის პროტესტი

6022

“თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებამ დამიკარგა სურვილი, ვიმუშაო აღნიშნულ დაწესებულებაში. ამიტომ, გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან ა.წ. 1 ოქტომბრიდან”, – ამ შინაარსის განცხადება დაუწერა თელავის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა არჩილ მჭედლიშვილმა თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ნაპირელს.

არჩილ მჭედლიშვილი ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდა. მან, თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას საჯაროდ გამოხატა და ხელისუფლებას მოსთხოვა, “ხელი არ დაედოთ თვითმმართველი ქალაქის – თელავის სტატუსისთვის, რადგან ამ სისტემამ გაამართლა”.

მჭედლიშვილი, ასევე, აქტიურობდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც  საკრებულოს წევრებმა თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.

გუშინ კი, მჭედლიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, პროტესტის კიდევ ერთ ფორმას მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინა”. მისი თქმით,  ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამიტომაც მჭედლიშვილი და მისი თანამოაზრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, თუ უნდათ, რომ ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტინზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.