კამპანიაში ,,თვითმმართველობის დროა”, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსი” ჩაერთო

535

კამპანია ,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსი“ შიდა ქართლის 1მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.

აღნიშნული შეხვედრები მოეწყო პროექტის “თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას” ფასილიტაციით შექმნილი “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი” (R-CSN) ახორციელებს. ქსელის ერთ-ერთი აქტიური წევრია ,,ქართლოსი.“ პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ.

პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.

პროექტის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველი არჩევნებიდან, დღემდე თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. გატარდა როგორც ინსტიტუციური, ასევე ტერიტორიული საფუძვლების რეფორმა. თუმცა, თვითმმართველობის 15 წლიანმა გამოცდილებამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობის თვითორგანიზების სათანადო სტიმულირება. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და სხვა დონორების ძალისხმევის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის კუთხით რეალური სურათი არსებითად არ შეცვლილა. თვითმმართველობის ორგანოები კვლავ გაუცხოებულია მოსახლეობისაგან. საზოგადოება სათანადოდ არ არის ჩართული თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ძირითადად მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით შემოიფარგლება. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ დაბალია, როგორც თვითმმართველობის ნდობის ხარისხი,ასევე თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დონე.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ადგილობრივ ორგანოებსა და მოსახლეობას შორის კავშირის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის ყველა რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში იწყებენ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს. ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ჩატარდება.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზე https://www.droa.ge სიახლეებს ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.