ბორჯომის პირველ სკოლაში ღია გაკვეთილი “ქართული ოცნების” დროშების ფონზე ჩატარდა

1014

სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ბორჯომის პირველ საჯარო სკოლაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი ხდება. ღონისძიებამ სახელწოდებით „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, რომელიც მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა 27 სექტემბერს მიუძღვნეს, „ქართული ოცნების“ დროშების ფონზე ჩაიარა.

მეშვიდე კლასელმა მოსწავლეებმა კედლები და ქუჩები მოხატეს, რა დროსაც მათ ხელში მმართველი პარტიის დროშები ეკავათ. ღონისძიების ამსახველი ვიდეო მასალა გუშინ ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა.

ხელოვნების პედაგოგმა, ნათელა ღლონტმა ახსნა-განმარტება სკოლის დირექციას ჩააბარა და ის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ ორკვირიანი ვადა აქვს.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ღონისძიების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა არ იცოდა, რომ ღია გაკვეთილის დროს მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები ეკავათ. მისი თქმით, პედაგოგმა, ნათელა ღლონტმა მას განუცხადა, რომ მმართველი გუნდის დროშები ფონის გალამაზებისთვის გამოიყენა.

„კურიერთან“ განსხვავებულ ინფორმაციას ყვება ხელოვნების პედაგოგი. ნათელა ღლონტის თქმით, დროშები მოსწავლეებისთვის თავად მას არ დაურიგებია და მოზარდებმა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები ქუჩიდან აიღეს.

წყარო: რუსთავი 2