ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატებთან შეხვედრა სურთ

674

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატებთან შეხვედრა სურთ. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა ამ შეხვედრებს ხელი შეუწყოს, მათი წარმომადგენელი აგიტ მირზოევი აცხადებს, რომ რამდენიმე კანდიდატმა თანხმობა უკვე განაცხადა, ნაწილთან კი მოლაპარაკებები გრძელდება.

“ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა შევხვდეთ და დავუსვათ კითხვები კანდიდატებს. თავად კანდიდატებსაც ექნებათ შესაძლებლობა გვითხრან, თუ რა გეგმები აქვთ და რატომ უნდა მისცენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ხმა მათ და არა რომელიმე სხვა კანდიდატს”, – განაცხადა მირზოევმა. მისი თქმით უმცირესობები ამომრჩეველთა დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.

აგიტ მირზოევი ამბობს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ უკვე გამოთქვეს მზაობა. შეთავაზება იყო მმართველი გუნდის კანდიდატის მიმართაც, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები გრძელდება.

“1 ოქტომბრიდან კვირაში 2-3 შეხვედრა გაიმართება, ადგილს თავად კანდიდატები აირჩევენ. ჩვენ გვსურს, რომ შეხვედრები მედიისთვის ღია იყოს, თუმცა ამასაც კანდიდატები გადაწყვეტენ”, – აღნიშნა მირზოევმა.

წყარო: იმედინიუსი