გორის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება

812

ვოლოგდის დასახლებაში გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” კოტე თავზარაშვილი ქალაქის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად შეხვდა.

საარჩევნო პროგრამისა და უბნის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივებმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ, ისაუბრეს.

კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გადასახადის გადახდას ითხოვენ იმ დროს, როდესაც ონკანებში წყალი არ მოდის.

ზურაბ ჯირკველიშვილმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ მრიცხველების დაყენება უნდა მოითხოვოს, რის შემდეგად, წყალმომარაგების კომპანია გაუხარჯავ წყალზე გადასახადს ვეღარ მოითხოვს:

,,მოითხოვეთ მრიცხველების დაყენება, ამის უფლება გაქვთ და კომპანია ვალდებულია დააყენოს, თანაც საკუთარი სახსრებით. თქვენ რომ მოითხოვთ, სხვა უბნებიც აგყვებიან და ეს პრობლემა აღარ იქნება. წყალს რომ მოუშვებთ და მრიცხველი არ დატრიალდება, რაღას მოგთხოვთ კომპანია? მერე იძულებული გახდება გააკეთოს წყალი” – უთხრა ზურაბ ჯირკველიშვილი.

ერთ-ერთმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ავტოფარეხის გაკეთების უფლება არ მისცეს და დაანგრევინეს, მაშინ, როდესაც იმავე მერიამ მის მეზობელს ავტოფარეხის აშენების უფლება მისცა. ზურაბ ჯირკველიშვილმა უპასუხა, რომ ტერიტორია არ მიუსაკუთრებია მის მეზობელს, ხოლო საკითხს გაარკვევენ.

გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ერგნეთის, მეღვრეკისის, ხურვალეთისა და შავშვების მოსახლეობასაც შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა და ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ჩემთვის უცხო არ არის საკითხები, რომლებზეც მესაუბრებით. ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ამ სოფლებს. სოფელ მეღვრეკისში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ვმუშაობთ და უფრო აქტიურად გავაგრძელებთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას. ჩვენი სამოქმედო გეგმა ყოველთვის თქვენს ინტერესებზე იქნება აგებული“, – მიმართა კონსტანტინე თავზარაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი