სოფლები წყლის და კომუნალური გადასახადის გარეშე – ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი

1387

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მოსახლეობას წყალი იშვიათად მიეწოდება. ონკანებს თუ თავისი ფუნქცია დღეში ერთი საათით მაინც უბრუნდება, სოფელს ისიც ახარებს. არადა, წყლის სათავე ნაგებობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რამდენჯერმე შეაკეთეს. სოფლის წარმომადგენელი ამბობს, რომ წყალგაყვანილობის ქსელი ათწლეულებს ითვლის, რომლის შეკეთებასაც მილიონ ლარზე მეტი სჭირდება.

“ყოველ დილით ხიდისთავის წყლის აუზზე სოფლის ნდობით აღჭურვილი პირი მიდის, ონკანს ხსნის და რამდენიმე საათში ისევ კეტავს. შემდეგ გაწვიმებამდე სოფელმა წყალი უნდა გამოიზოგოს. ხიდისთავი არც გამრიცხველიანებულია და არც სულადობით ერიცხება გადასახადი. ერთადერთი გასავალი, რაც ოჯახებს წყალმომარაგებისთვის აქვთ, თვეში ერთხელ გადახდილი ერთი ლარია. რაც იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც სათავე ნაგებობის აუზზე ონკანს ხსნის და კეტავს”, – აცხადებს ხიდისთავის რწმუნებული დავით ვასაძე.

იმ სოფლებში, სადაც ლიცენზიანტი ოპერატორი კომპანია არ მუშაობს, წლის გადასახადის ამოღების პრობლემა დგას. მით უფრო, რომ უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა, რიგ შემთხვევაში, სიმბოლური გადასახადის გადახდაზეც უარს ამბობს.

რაკი სასმელი წყლის მიწოდება არსებითად ჰუმანიტარული მომსახურებაა,  ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემიდან ჩახსნა პოლიტიკურად მძიმე ნაბიჯია. ამავე მოტივით ახდენს სახელმწიფო ტარიფების სუბსიდირებას.

მთავრობის მიერ წყლის რეფორმირების პროცესში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ფილიპ ჯიანტრისი მიიჩნევს, რომ  კომუნალური სამსახურები, კერძოც და სახელმწიფოც, ისევე უნდა მუშაობდეს, როგორც ბიზნესი – ჯანსაღი კომერციული პრაქტიკის გამოყენებით. გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ წყლის შეწყვეტის სრული უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფორმა წინ ვერ წავა.

“კომუნალური სამსახურები არ უნდა იღებდნენ საოპერაციო სუბსიდიებს. საოპერაციო სუბსიდიები, რომლებსაც უშუალოდ კომუნალურ სამსახურებს უხდიან, როგორც წესი, ხელს უწყობს მუშაობას არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის და არ წარმოადგენს სტიმულს მუშაობის გასაუმჯობესებლად. წყალმომარაგების და კანალიზაციის სამსახურები შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო სექტორის ნაწილს, მაგრამ მათი ექსპლუატაცია და მენეჯმენტი უნდა ხორციელდებოდეს ისევე, როგორც ნებისმიერი კერძო სექტორის კომპანიაში.” – ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტის დასკვნაში.

დასკვნა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტმა ორ კვირაში დაიწერა, ზუსტად აღწერს იმ მოცემულობას, რაც წყალმომარაგების სფეროში გვაქვს: წლებია სახელმწიფო წყალმომარაგების სექტორში სუბსიდირებას ახდენს, ამის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს მუდმივ წყალზე ხელი არ მიუწვდება, სოფლების უმეტესობას კი სასმელი წყალი ენატრება.

რამდენად სამართლიანია ტარიფი, თუ მას სუბსიდირება სჭირდება? – ამ შეკითხვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მივმართეთ.

“ჩვენ ზღვრულ ტარიფს ვადგენთ, ანუ ტარიფის ზედა ზღვარს. ამ თანხაში შესულია კომპანიის საოპერაციო საქმიანობა, განვითარება და მოგება. თუმცა, ლიცენზიანტ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, უფრო დაბალ ფასად გაუწიოს მომსახურება აბონენტებს. ეს, ალბათ, ეკონომიკური ფონიდან გამომდინარეობს, უფრო პოლიტიკური თემაა და არ არის მარეგულირებლის ჭრილში განსახილველი.” – განაცხადა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიგა ნადირაძემ.

მცირე ხნის წინ წყლის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს სამმა კომპანიამ მიმართა. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი” და “მცხეთის წყალი” გადასახადის ხელახალ დაანგარიშებას ითხოვენ. სემეკში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, თუმცა, შეიცვლება თუ არა ტარიფი, საკითხის საბოლოო შესწავლამდე ვერ აკონკრეტებენ.

“ის, რომ კომპანიამ მოგვმართა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიზრდება ტარიფი. შედეგები დეტალური გაანგარიშების შემდეგ გახდება ცნობილი. უამრავი ფაქტორია გასათვალისიწინებელი. ის, რომ კომპანია ინვესტიციას ახორციელებს, გასაგებია, მაგრამ ინვესტიციას თავისი ფასი აქვს და ტარიფმა უნდა დააფინანსოს. მეორე მხრივ, გონივრულმა ინვესტიციამ შეიძლება იმხელა ბენეფიტი, სარგებელი მისცეს კომპანიას, რომ საოპერაციო ხარჯის შემცირება გამოიწვიოს.” – აცხადებს გიგა ნადირაძე.

იმ სოფლებში კი, სადაც ლიცენზიანტი კომპანია ჯერ კიდევ არ ჰყავთ, გაცილებით რთულად არის საქმე. იქ, სადაც აბონენტების რაოდენობა 100 ათასზე ნაკლებია, კომუნალური კომპანიის მუშაობა ეკონომიკურად არაეფექტურად ითვლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უმეტესობაში კი, არათუ მომხმარებლების, არამედ მოსახლეობის რაოდენობაც კი ბევრად ჩამოუვარდება ზემოთ ხსენებულ რიცხს. ამ ფონზე საერთაშორისო ექსპერტი მუნიციპალიტეტებს ურჩევს, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობით შექმნან საერთო კომუნალური კომპანია.

“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად არ ეკიდებიან ენთუზიაზმით გაერთიანებას, როგორც უკეთეს სტრუქტურას, მომსახურების ხარჯთეფექტიანი მიწოდებისთვის. ეს, გარკვეულწილად, განპირობებულია უნდობლობით, რომ მათ სამართლიანად მოეპყრობიან „კოლექტიურ წამოწყებაში“, განსაკუთრებით, როდესაც მუნიციპალიტეტის სიდიდე მცირეა, იმ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, რომლებსაც მოემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. სხვა შემთხვევებში, ეს განპირობებულია უბრალოდ პოლიტიკური პატრონაჟის უფლებამოსილების დაკარგვით, ნებისმიერი მიზეზის გამო.” – ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტის დასკვნაში.

ფაქტი ერთია, სოფელ ხიდისთავის მსგავსად, წყალმომარაგების პრობლემა ასობით სოფელს აწუხებს. ადრე თუ გვიან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მაინც მოუწევთ, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა.

ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას: წყალი „ცისტერნებით“ 2 ლარად – სოფლის წყლის გასაჭირი