ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა

1180

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. იგი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და პარტია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერია. მან თანამშრომლებს, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს.

“მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2015 წელს დაიწყო მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ასევე, განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი, გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. მოეწყო რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები. დაწყებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ირაკლი კაკულია ფოთის პირველი არჩეული მერია, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი