პეკინის ქუჩაზე დღეს ველორბოლა იმართება

861

პეკინის ქუჩაზე დღეს, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ველორბოლას მართავს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, ველომოყვარულები.

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.

თბილისში ველოგარბენი დაიწყება პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, მრბოლელთა ნაკადი გააგრძელებს სვლას ყაზბეგის გამზირზე და დაასრულებს გარბენს კვლავს პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

ველორბოლა პეკინის ქუჩაზე, 22 სექტემბერს, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე გაიმართება.

წყარო: ინტერპრესნიუსი